Thumbnail

ნახეთ: ჩინეთის მარსმავალმა წითელ პლანეტაზე ახალი ფოტოები გადაიღო

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ჩინეთის კოსმოსურმა სააგენტომ (CNSA) მისიის Tianwen-1 ფარგლებში წითელ პლანეტაზე გაშვებული მარსმავლის მიერ გადაღებული მაღალი გარჩევადობის სურათები გამოაქვეყნა. Zhurong-ის სახელით ცნობილმა აპარატმა ციურ სხეულზე მდებარე 3,300 კილომეტრი დიამეტრის მქონე კრატერში, რომელსაც უტოპიის ვაკეს უწოდებენ, ლენდერთან ერთად სელფი და კიდევ ორი ფოტო, ასევე, მარსის პანორამული გამოსახულება დააფიქსირა.

► ნახეთ: Perseverance-ის მიერ მარსზე გადაღებული პანორამული სურათი გავრცელდა

ჩინეთის კოსმოსური სააგენტოს წარმომადგენლების განცხადებით, მარსმავალმა სელფის გადასაღებად მასზე დამონტაჟებული კამერა ლენდერიდან 10 მეტრის მოშორებით, წითელი პლანეტის ზედაპირზე განათავსა. ამის შემდეგ Zhurong დასაჯდომ მოდულს მიუახლოვდა და მასთან ერთად ფოტო გადაიღო. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კამერამ როვერს გამოსახულება უსადენო გადაცემით მიაწოდა, მარსის გარშემო მოძრავმა ჩინურმა ორბიტერმა Tianwen-1 კი ის დედამიწაზე გამოგზავნა. მარსმავლის მიერ გადაღებულ კიდევ ერთ ფოტოზე დაახლოებით ექვსი მეტრის დისტანციიდან ლენდერია აღბეჭდილი, მის გვერდით კი როვერის ბორბლების მიერ დატოვებული კვალია ნაჩვენები. მესამე სურათზე მარსის გრუნტი და კრატერში მიმოფანტული ქვებია ასახული.

Zhurong-ის მიერ გადაღებული ფოტოები

ფოტო: CNSA

Zhurong-ის მიერ გადაღებული ფოტოები

ფოტო: CNSA

Zhurong-ის მიერ გადაღებული ფოტოები

ფოტო: CNSA

რაც შეეხება Zhurong-ის მიერ გადაღებულ 360-გრადუსიან პანორამულ გამოსახულებას, მის ასაწყობად მარსმავალმა ფოტოები ჯერ კიდევ დასაჯდომ პლატფორმაზე ყოფნის დროს დააფიქსირა. სურათზე მარცხნივ წითელი პლანეტის ჰორიზონტის ფონზე როვერის მზის პანელებს და ანტენას ვხედავთ, მარჯვნივ კი ლენდერის პანდუსი მოჩანს, რომლის დახმარებითაც 240 კილოგრამი წონის მქონე აპარატმა მარსის ზედაპირზე გადაინაცვლა.

Zhurong-ის მიერ გადაღებული პანორამული გამოსახულება. ფოტო: CNSA

აღმოსავლეთ აზიაში მდებარე, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მსოფლიოში უდიდესმა სახელმწიფომ მისიის Tianwen-1 ფარგლებში ხომალდი დასაჯდომ მოდულთან და მარსმავალთან ერთად წითელი პლანეტისკენ ქალაქ ვენჩანში მდებარე კოსმოდრომიდან ტექნოლოგიური კომპანია CALT-ის მიერ შექმნილი რაკეტით Long March 5 გასული წლის 23 ივლისს გაუშვა. აპარატმა დანიშნულების ადგილამდე დაახლოებით 500 მილიონი კილომეტრის გავლის შემდეგ, 10 თებერვალს მიაღწია და ციური სხეულის ელიფსურ ორბიტაზე დაიწყო მოძრაობა. აღსანიშნავია, რომ ეს ჩინეთის კოსმოსური სააგენტოს მიერ გაგზავნილი ხომალდის მარსამდე მისვლის მეექვსე შემთხვევაა.

► ჩინეთი ვარსკვლავთაშორისი მისიის განხორციელებას გეგმავს

Zhurong ლენდერის დახმარებით წითელ პლანეტაზე 15 მაისს დაეშვა. აღსანიშნავია, რომ NASA-ს კუთვნილი აპარატების გარდა, ეს პირველი როვერია, რომელმაც მარსის ზედაპირზე დაჯდომა წარმატებით შეძლო. გეგმის მიხედვით, ის ციურ სხეულზე საერთო ჯამში 93 დღეს გაატარებს, რა დროსაც აპარატი მზის ენერგიაზე მომუშავე ექვსი ხელსაწყოს საშუალებით წითელი პლანეტის გამოკვლევას შეეცდება. მაგალითისთვის, Zhurong ორი რადარის მეშვეობით მარსის ზედაპირის ქვეშ წყლის ყინულს მოძებნის. ამის გარდა, მარსმავალი ლაზერით არის აღჭურვილი, რომელიც მას ქვების დაშლასა და მათი შემადგენლობის გარკვევაში დაეხმარება. მისიის მიზანი მარსის გეოლოგიური მახასიათებლების შესწავლასთან ერთად პლანეტის იონოსფეროზე დაკვირვება, ასევე, მისი კლიმატისა და ელექტრომაგნიტური თუ გრავიტაციული ველის ანალიზია.

კომენტარები

ბოლო ამბები