Thumbnail

მეცნიერთა თქმით, ადამიანები მარსზე გამრავლებას უპრობლემოდ შეძლებენ

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

იაპონიის კოსმოსურ სააგენტოსა (JAXA) და ამავე ყვეყანაში მდებარე იამანასის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერთა მიერ კოლეგებთან ერთად ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ძუძუმწოვართა სპერმას კოსმოსში დაუზიანებლად გადარჩენა შეუძლია. ეს იმედს იძლევა, რომ სხვა პლანეტებზე, მათ შორის, მარსზე დასახლებული ადამიანების კოლონიები იქ უპრობლემოდ გამრავლდება. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოცემაში Science Advances ახლახან გამოქვეყნებულ ნაშრომშია წარმოდგენილი.

მეცნიერებმა თაგვის ემბრიონში ადამიანის უჯრედები გაამრავლეს

მეცნიერებისთვის კარგადაა ცნობილი, რომ კოსმოსისთვის დამახასიათებელი პირობები, კერძოდ კი მძლავრი რადიაცია ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. ის სიმსივნურ თუ გულსისხლძარღვთა დაავადებებსა და სხვადასხვა კოგნიტურ აშლილობას იწვევს. ასევე, შესაძლოა, საფუძვლად დაედოს რეპროდუქციულ პრობლემებსაც და უნაყოფობით დასრულდეს. დღესდღეობით ასტრონავტები მსგავს დასხივებას შედარებით მცირე დოზით იღებენ, თანაც ხანმოკლე მისიების დროს, თუმცა მალე ისინი მეზობელ ციურ სხეულებზე დიდი ხნით გაემგზავრებიან, სადაც თავს სათანადოდ ვერ დაიცავენ. ამ საკითხის უკეთ შესასწავლად და პოტენციურ საფრთხეზე მეტის გასაგებად სპეციალისტებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომლის ფარგლებშიც 2013 წელს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე თაგვის სპერმის 12 ნიმუში გაგზავნეს.

კოსმოსში გაგზავნილი სპერმისგან გაზრდილი თაგვები. ფოტო: University of Yamanash

დედამიწის ორბიტაზე მოძრავ მოდულზე აღნიშნული მღრღნელის ბიოლოგიური მასალა ლიოფილიზირებულ მდგომარეობაში ინახებოდა, ანუ დაბალ ტემპერატურაზე იყო გამომშრალი. ნაწილი კი მეცნიერებმა შესადარებლად იაპონიის ტერიტორიაზე დატოვეს. პირველი ნიმუშები მათ პლანეტაზე 9 თვის შემდეგ დააბრუნეს, ზოგი - 3 წელში, დანარჩენმა კი კოსმოსში თითქმის 6 წელი დაჰყო. მკვლევრებმა სადგურიდან ჩამოტანილი სპერმა გაალღვეს და მდედრი თაგვები გაანაყოფიერეს, რის შედეგადაც ჯანმრთელი ძუძუმწოვრები დაიბადნენ. აღმოჩნდა, რომ რადიაციას დნმ-ზე უარყოფითად არ უმოქმედია, ყველაზე ხანგრძლივმა დასხივებამ მხოლოდ მცირე ცვლილება გამოიწვია.

ბაქტერიებს დედამიწიდან მარსამდე ცოცხლად მიღწევა შეუძლიათ

ექსპერიმენტის შედეგიდან გამომდინარე, ნაშრომის ავტორები ვარაუდობენ, რომ სპერმა კოსმოსში 200 წელსაც გაძლებს. შესაბამისად, შესაძლოა, მარსის კოლონიებში მცხოვრები ადამიანები ძლიერი გამოსხივების მიუხედავად, მაინც გამრავლდნენ. თუმცა, მკვლევრები კონკრეტული დასკვნების გამოტანისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ. მათი აზრით, ახალი მიგნება სამომავლო პლანეტათაშორისი მისიების უკეთ დაგეგმვაში დაგვეხმარება.

კომენტარები

ბოლო ამბები