Thumbnail

ასტრონომებმა ორი გიგანტური ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

დიდ ბრიტანეთში მდებარე ოქსფორდის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე ასტრონომებთან ერთად ჩვენი მზის მსგავსი ვარსკვლავის გარშემო მოძრავი ორი გიგანტური ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს. ამის შესახებ მათი ნაშრომი გამოცემაში Monthly Notices of the Royal Astronomical Society გამოქვეყნდა.

► NASA-მ დედამიწის მსგავსი ტემპერატურის მქონე ეგზოპლანეტა აღმოაჩინა

მეცნიერებმა ეგზოპლანეტებს HD 152843-ის სახელით ცნობილი ყვითელი ჯუჯა ვარსკვლავის მიმდებარედ მიაკვლიეს, რომელსაც TOI-2319-საც უწოდებენ. სპეციალისტების განცხადებით, აღნიშნული ობიექტი ჰერკულესის თანავარსკვლავედის ჩრდილოეთ რეგიონში მდებარეობს და ჩვენგან დაახლოებით 352 სინათლის წლით არის დაშორებული. როგორც ცნობილია, მნათობს ჩვენი მზის მსგავსი მასა აქვს, თუმცა ამ უკანასკნელს სიდიდით თითქმის 1,5-ჯერ აღემატება და მასთან შედარებით ცოტა უფრო მეტად კაშკაშებს.

ილუსტრაციაზე HD 152843-ის სახელით ცნობილი ვარსკვლავის გარშემო მოძრავ ეგზოპლანეტებს, HD 152843b-სა და HD 152843c-ს ხედავთ. ფოტო: NASA 

ასტრონომებმა HD 152843-ის გარშემო მოძრავი ორი გიგანტური ეგზოპლანეტა ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) კუთვნილი კოსმოსური ზონდის TESS მეშვეობით დააფიქსირეს. მეცნიერებს ამაში ტრანზიტული მეთოდი დაეხმარა. ვინაიდან ციური სხეულები საკუთარი მნათობის წინ გადაადგილდებოდნენ, დროდადრო ვარსკვლავის სიკაშკაშე იცვლებოდა. მათ ობიექტების არსებობა კანარის კუნძულებზე განლაგებული გალილეოს სახელობის ტელესკოპზე დამონტაჟებული სპექტროგრაფის HARPS-N, ასევე, აშშ-ის არიზონის შტატში მდებარე ლოველის სახელობის ობსერვატორიაში განთავსებული ხელსაწყოს EXPRES მეშვეობით დაადასტურეს.

მკვლევართა გამოთვლებით, მნათობთან შედარებით ახლოს მოძრავი ეგზოპლანეტა, რომელსაც HD 152843b-ს უწოდებენ, დედამიწას სიდიდით 3,4-ჯერ, მასით კი 11,6-ჯერ აღემატება. სპეციალისტების თქმით, ის საკუთარი ვარსკვლავის გარშემო შემოვლას 12 დღეს ანდომებს. რაც შეეხება მეორე ეგზოპლანეტას, რომელსაც HD 152843c-ის სახელით მოიხსენიებენ, ის დედამიწასთან შედარებით 5,8-ჯერ უფრო დიდი და 27,5-ჯერ მასიურია. აღნიშნული ობიექტის ორბიტული პერიოდი 19-დან 35 დღემდე მერყეობს.

► ნახეთ: ასტრონომებმა გიგანტურ ეგზოპლანეტას სურათი გადაუღეს

მეცნიერების განცხადებით, ახლად აღმოჩენილი პლანეტები საკმაოდ ცხელია. ამასთანავე, მათ არამყარი ზედაპირი აქვთ და აირებისგან შედგებიან, რაც იქ სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პირობების არსებობას გამორიცხავს. ამის მიუხედავად, ასტრონომები მიიჩნევენ, რომ მსგავს ეგზოპლანეტებზე დაკვირვება ირმის ნახტომის გალაქტიკის უკეთ შესწავლაში დაგვეხმარება.

კომენტარები

ბოლო ამბები