Thumbnail

გალაქტიკების გიგანტური თაღის აღმოჩენამ, შესაძლოა, კოსმოლოგია ამოატრიალოს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე კალიფორნიისა და ლუისვილის უნივერსიტეტებში მომუშავე მეცნიერების მიერ დიდ ბრიტანეთში განლაგებულ ცენტრალური ლანკაშირის უნივერსიტეტში მოღვაწე კოლეგებთან ერთად გალაქტიკების უზარმაზარი თაღის აღმოჩენამ, შესაძლოა, კოსმოლოგიაში გარღვევა მოახდინოს. ახალი მიგნების შესახებ დეტალური ინფორმაცია მკვლევრებმა ამერიკის ასტრონომიული საზოგადოების შეხვედრაზე წარადგინეს.

ასტრონომებმა ორი გიგანტური ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს

სპეციალისტებმა 3 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე გადაჭიმული სტრუქტურა აშშ-ის ნიუ მექსიკოს შტატში მდებარე აპაჩ ფოინთის ობსერვატორიაში არსებული ოპტიკური ტელესკოპით 40 ათასი შორეული კვაზარის შესწავლისას დააფიქსირეს. ამ სიკაშკაშით გამორჩეული ობიექტებიდან მომავალ სინათლეს გზად გალაქტიკების შემადგენელი ატომები შთანთქავენ, რაც ხელსაწყოების მეშვეობით მათი შემჩნევის საშუალებას იძლევა. სწორედ ამგვარად შენიშნეს ასტრონომებმა გიგანტური "თაღი", რომელსაც თითქმის სიმეტრიული მრუდის სახე აქვს და ჩვენგან 9.2 მილიარდი სინათლის წლით დაშორებულ უამრავ გალაქტიკას აერთიანებს.

მეცნიერთა მიერ აღმოჩენილი გალაქტიკების უზარმაზარი თაღი სურათის ცენტრშია წარმოდგენილი. ფოტო: A. Lopez

გალაქტიკების თაღი იმდენად დიდი ზომისაა, რომ ის ჩვენთვის ხილული კოსმოსის რადიუსის დაახლოებით 1/15-ს შეადგენს. მისი შეუიარაღებელი თვალით დანახვა შეუძლებელია, თუმცა ასე რომ არ იყოს, ის ცაზე სავსე მთვარეზე 20-ჯერ განიერი გამოჩნდებოდა. მეცნიერთა განცხადებით, ეს მნიშვნელოვანი გამოწვევაა კოსმოლოგიაში აღიარებული სტანდარტული მოდელისთვის, რომლის თანახმადაც, სამყარო ჰომოგენურია და მასში მატერია თანაბრადაა გადანაწილებული. ამ მხრივ ახალაღმოჩენილი სტრუქტურა სხვა მსგავსი ობიექტების სიას უერთდება, რომელთა მასშტაბურობაც ზემოხსენებულ მოსაზრებას ეჭვქვეშ აყენებს.

ნახეთ: მეცნიერებმა ყველაზე შორეული სპირალური გალაქტიკა აღმოაჩინეს

მკვლევართა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ საქმე უბრალო დამთხვევასთან გვქონდეს, თუმცა ასტრორომების მიერ ჩატარებული სტატისტიკური გამოთვლების მიხედვით, გალაქტიკების ამგვარი განლაგების ალბათობა 0.00003 პროცენტზე ნაკლებია. ამის მიუხედავად, ისინი კონკრეტული დასკვნების გამოტანისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ და გალაქტიკების გიგანტურ თაღზე უკეთ დაკვირვებას გეგმავენ.

კომენტარები

ბოლო ამბები