Thumbnail

დედამიწის ორბიტაზე პირველ ხის სატელიტს გაუშვებენ

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

დედამიწის ორბიტაზე ფინური სტარტაპის Arctic Astronautics მიერ კომპანიებთან UPM Plywood და Huld თანამშრომლობით შექმნილ პირველ ხის ხელოვნურ თანამგზავრს გაგზავნიან. წინასწარი ინფორმაციით, მას ახალ ზელანდიაში მდებარე მაიას ნახევარკუნძულზე განლაგებული კოსმოდრომიდან ამერიკული კომპანიის Rocket Lab რაკეტით Electron მიმდინარე წლის ნოემბერში გაუშვებენ.

► ატმოსფეროში სატელეტების წვამ, შესაძლოა, ოზონის შრე გაანადგუროს

WISA Woodsat-ის სახელით ცნობილი მიკროსატელიტის სიგრძე, სიგანე და სიმაღლე 10 სანტიმეტრია, წონა კი 1 კილოგრამს შეადგენს. ხელოვნური თანამგზავრის ზედაპირი ფანერით არის დაფარული, რომელიც ძირითადად არყის ხისგანაა დამზადებული. ჩვეულებრივ, ეს მასალა საკმაოდ ტენიანია, თუმცა იმისთვის, რომ მან კოსმოსში არსებულ პირობებს გაუძლოს, მერქანი სპეციალურ თერმული ვაკუუმის დანადგარში გამოაშრეს. ამის შემდეგ კი მას ალუმინის ოქსიდის ძალიან თხელი ფენა გადააკრეს.

ხისგან დამზადებული ხელოვნური თანამგზავრი WISA Woodsat, რომელსაც დედამიწის ორბიტაზე გაუშვებენ.

Arctic Astronautics-ის წარმომადგენელთა განცხადებით, ალუმინის ოქსიდი, რომელიც ხშირად ელექტრონული მოწყობილობების შესაფუთად გამოიყენება, ხის სატელიტს კოსმოსში გამოყოფილი აირების ზემოქმედებისგან დაიცავს. ის ხელოვნურ თანამგზავრს, ასევე, დედამიწის ატმოსფეროს საზღვარზე არსებული ატომური ჟანგბადით გამოწვეულ კოროზიის საფრთხეს აარიდებს. აღსანიშნავია, რომ ეს ნივთიერება მზის ძლიერი ულტრაიისფერი გამოსხივების შედეგად ჟანგბადის მოლეკულების გახლეჩის გზით წარმოიქმნება. 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, WISA Woodsat ორი კამერით აღიჭურვება. ერთ-ერთი მათგანი ლითონის ჯოხზე იქნება დამაგრებული, რაც მისიის ხელმძღვანელებს საშუალებას მისცემს დააკვირდნენ, თუ როგორ შეიცვლება კოსმოსში ყოფნის დროს ხელოვნური თანამგზავრის ზედაპირი. ამის გარდა, სატელიტზე სენსორები დამონტაჟდება, რომელთა დახმარებითაც დედამიწის ორბიტაზე მოძრაობის დროს აპარატის შიგნით არსებულ წნევაზე დაკვირვება იქნება შესაძლებელი. WISA Woodsat კოსმოსში ექსპერიმენტის ჩატარებასაც შეეცდება, რაც იქ 3D პრინტერის საშუალებით ელექტროგამტარი პლასტმასის მასალით კაბელების დამზადებას ითვალისწინებს.

► ნახეთ: ESA მთვარეზე ხელოვნურ თანამგზავრთა თანავარსკვლავედის შექმნას გეგმავს

Arctic Astronautics-ს მისიის განხორციელებაში, რომლის მიზანიც ჩვენი პლანეტის ორბიტაზე ხისგან დამზადებული ხელოვნური თანამგზავრის გამძლეობის შემოწმებაა, ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) ეხმარება. როგორც ცნობილია, WISA Woodsat დედამიწის ზედაპირიდან დაახლოებით 500-600 კილომეტრის დაშორებით იმოძრავებს. აღსანიშნავია, რომ სატელიტი, რომელიც ენერგიას მასზე დამონტაჟებული ცხრა მცირე ზომის მზის პანელისგან მიიღებს, სამოყვარულო რადიოაპარატურით აღიჭურვება. მისი დახმარებით მსოფლიოს მასშტაბით რადიოსიგნალების გადაცემა იქნება შესაძლებელი.     

კომენტარები

ბოლო ამბები