Thumbnail

ავსტრალიაში გიგანტური პრეისტორიული ნიანგის ახალი სახეობა აღმოაჩინეს

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ავსტრალიის ქალაქ ბრისბენში მდებარე ქვინსლენდის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა პრეისტორიული პერიოდის გიგანტური ნიანგის ახალი სახეობა გამოავლინეს. ნაშრომი, რომელშიც არქეოლოგების მიერ ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აღმოჩენილი ნამარხის კვლევის შედეგებზეა საუბარი, გამოცემაში Scientific Reports გამოქვეყნდა.

► ნახეთ: ავსტრალიის ტურისტულ ზონაში უზარმაზარი ნიანგი დაიჭირეს

გიგანტური ქვეწარმავლის ნარჩენებს 1875 წელს ავსტრალიის ქვინსლენდის შტატში მდებარე დარლინ დაუნსის რეგიონში მიაკვლიეს. ამის შემდეგ, ას წელზე მეტი ხნის განმავლობაში პრეისტორიული ცხოველის თავის ქალის ფრაგმენტები ქვინსლენდის მუზეუმში ინახებოდა. მართალია, მეცნიერებმა ნამარხის ზუსტად დათარიღება ვერ შეძლეს, თუმცა, მათი ვარაუდით, ნიანგი ავსტრალიის კონტინენტზე 2-5 მილიონი წლის წინ ბინადრობდა. შესწავლის შედეგად კი დადგინდა, რომ ის აქამდე უცნობ სახეობას წარმოადგენდა. 

ავსტრალიაში აღმოჩენილი გიგანტური ნიანგის თავის ქალის ფრაგმენტები. ფოტო: Jorgo Ristevski

მეცნიერებმა პრეისტორიული პერიოდის ნიანგის ახლად გამოვლენილ სახეობას Gunggamarandu maunala უწოდეს. დარლინ დაუნსის ტერიტორიაზე მოსახლე ხალხების ენაზე პირველი სიტყვა "მდინარის მბრძანებელს", მეორე კი "ხვრელიან თავს" ნიშნავს. ნიანგს თავის ქალაზე დიდი ზომის ხვრელები აქვს, რომლებიც მკვლევართა თქმით, ძვალზე კუნთების დამაგრების წერტილებს წარმოადგენდა. მისი ნარჩენების ანალიზიდან გამომდინარე სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ქვეწარმავლის თავის სიგრძე სულ მცირე 80 სანტიმეტრი, სხეულის საერთო სიგრძე კი 7 მეტრი უნდა ყოფილიყო.

► ნახეთ: ჰიტლერის ალიგატორის ფიტული მოსკოვის მუზეუმში გამოფინეს 

მკვლევართა განცხადებით, ნიანგის ახლად აღმოჩენილი სახეობა ამ ქვეწარმავლების ტომისტომინების სახელით ცნობილ ქვეოჯახში ერთიანდებოდა. როგორც ცნობილია, ამ დროისთვის დედამიწაზე მასში შემავალი მხოლოდ ერთი სახეობის Tomistoma schlegelii წარმომადგენელი 2,500-დან 10,000-მდე ინდივიდია შემორჩენილი. ისინი ძირითადად ინდონეზიასა და დასავლეთ მალაიზიაში ბინადრობენ. აღსანიშნავია, რომ ავსტრალია ანტარქტიდის გარდა აქამდე ერთადერთი კონტინენტი იყო, სადაც ტომისტომინების ნამარხი არ აღმოუჩენიათ.

კომენტარები

ბოლო ამბები