Thumbnail

გლობალურმა დათბობამ, სავარაუდოდ, შეუქცევადი სახე მიიღო

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

დედამიწის ჩრდილოეთ პოლარულ მხარეში, არქტიკის რეგიონში განხორციელებულ ყველაზე დიდ ექსპედიციაში MOSAiC მონაწილე მეცნიერების განცხადებით, ჩვენს პლანეტაზე გლობალურმა დათბობამ, სავარაუდოდ, შეუქცევადი სახე მიიღო. სპეციალისტებს ამის თქმის საფუძველს იქ ზღვის ყინულის დნობის საგანგაშო მაჩვენებელი აძლევს.

► დედამიწაზე ტემპერატურამ მალე, შესაძლოა, საგანგაშო ზღვარს მიაღწიოს

აღსანიშნავია, რომ ექსპედიციაში, რომელიც დაახლოებით 165 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა, მსოფლიოს 20 ქვეყანაში მოღვაწე 300 მეცნიერი მონაწილეობდა. მათ არქტიკის რეგიონში საერთო ჯამში 389 დღე გაატარეს, რა დროსაც იქ არსებულ ზღვის ყინულსა და ეკოსისტემას აკვირდებოდნენ. სპეციალისტებმა კვლევის დროს შეგროვებული მონაცემები არქტიკაში 1890-იან წლებში განხორციელებული ექსპედიციის Fram ფარგლებში აღწერილ მაჩვენებლებს შეადარეს. შედეგად დადგინდა, რომ მე-19 საუკუნის ბოლოსთან შედარებით, იქ ამჟამად საშუალოდ 2 °C-ით მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება, ყინულის საფარის სისქე კი თითქმის განახევრებულია.

მეცნიერების განცხადებით, გლობალურმა დათბობამ, სავარაუდოდ, შეუქცევადი სახე მიიღო, რაზეც ზღვის ყინულის დნობის საგანგაშო მაჩვენებელი მიანიშნებს.

მეცნიერთა განცხადებით, ყინულის საფარის შემცირებასთან ერთად ოკეანე უფრო მეტ სითბოს შთანთქავს, რაც იმას ნიშნავს, რომ შემოდგომაზე ის გაცილებით ნელი ტემპით იყინება. ექსპედიციის ფარგლებში ჩატარებული კვლევების დროს სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ გასული წლის გაზაფხულზე არქტიკაში ზღვის ყინული რეკორდული სისწრაფით დადნა. ამის გარდა, 2020 წლის ზაფხულში აღნიშნულ რეგიონში მას იმის ნახევარი ფართობი ეკავა, ვიდრე რამდენიმე ათწლეულის წინ, ამავე სეზონისას.

► არქტიკაში არსებული ზღვის ყინული 2035 წლისთვის, შესაძლოა, მთლიანად დადნეს

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უახლოეს წლებში რამდენიმე ასეული სამეცნიერო ნაშრომის გამოქვეყნება იგეგმება, სადაც არქტიკის რეგიონში ჩაატარებული ყველაზე დიდი ექსპედიციის ფარგლებში შეგროვებული მასალის ანალიზის უფრო დეტალურ შედეგებზე იქნება მოთხრობილი. მსგავსი ინფორმაცია სპეციალისტებს კლიმატური მოდელების შედგენასა და იმის პროგნოზირებაში დაეხმარება, თუ რა გავლენა შეიძლება მაოხდინოს გლობალურმა დათბობამ ჩვენი პლანეტის ეკოსისტემაზე.     

კომენტარები

ბოლო ამბები