Thumbnail

რობოტებისთვის შექმნილი ხელოვნური კანი ზეწოლისას ლურჯდება

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ჰონგ კონგის ჩინურ უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა შექმნეს ხელოვნური კანი, რომელიც ძლიერი ზეწოლის დროს ისევე ლურჯდება, როგორც ადამიანის სხეულის ბუნებრივი საფარველი. გამოცემაში ACS Applied Materials & Interfaces გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორთა განცხადებით, ის რობოტებისა და კიდურების პროთეზებისთვისაა განკუთვნილი, რათა მათი დაზიანების შესახებ დროულად შევიტყოთ.

მეცნიერებმა შექმნეს ხელოვნური კანი, რომელიც ტკივილს გრძნობს

სპეციალისტებს აქამდე არაერთი ხელოვნური კანი შეუქმნიათ, რომელსაც გარეგანი სტიმული ელექტრონული ტრანსმისიის გზით გადაეცემა, თუმცა ბიოლოგიურ ქსოვილთან თავსებადობით არ გამოირჩევა. ამისგან განსხვავებით, ჩინელ მეცნიერთა ახალი ქმნილება ელექტრული მუხტის გადასატანად იონებს იყენებს და მოყვითალო ფერის წელვადი ჰიდროგელის სახითაა წამოდგენილი, რომელიც სპიროპირანის სახელით ცნობილ ქიმიურ ნაერთს შეიცავს. ეს უკანასკნელი მექანიკური ზეწოლისას ფერს იცვლის და მოლურჯო-მოიისფრო ხდება, ზუსტად ისე, როგორც ადამიანის კანი.

მძლავრი ზეწოლისას გალურჯებული ხელოვნური კანი. ფოტო: ACS Applied Materials & Interfaces

მეცნიერთა მიერ ჩატარებული პირველადი ტესტირების დროს აღნიშნულ ჰიდროგელს გაწელვისა და გაჭყლეტვის დროს ფერი და ელექტრული გამტარობა შეეცვალა, სილურჯე კი 2-5 საათის შემდეგ გაქრა. ექსპერიმენტის მეორე ეტაპზე მკვლევრებმა ის მოხალისეთა სხეულის სხვადასხვა ნაწილზე მიამაგრეს. მისმა მოღუნვამ და დაჭიმვამ მხოლოდ კონკრეტული ელექტრული სიგნალების წარმოქმნა გამოიწვია, ხოლო დარტყმამ, ჩქმეტამ და მძლავრმა განმეორებითმა ზეწოლამ უკვე გალურჯება განაპირობა.

მეცნიერებმა ხელოვნური კუნთი შექმნეს, რომელიც ვარჯიშის შედეგად იზრდება

მეცნიერთა თქმით, მათ მიერ შექმნილი ხელოვნური კანი ადამიანის ორგანიზმთან ბიოლოგიურად სრულიად თავსებადია, ამიტომ მისი გამოყენება არა მხოლოდ რობოტექნიკაში, არამედ ხელის ან ფეხის პროთეზებშიცაა შესაძლებელი.

კომენტარები

ბოლო ამბები