Thumbnail

მეცნიერებმა თაგვის ტვინში ახალი ტიპის უჯრედები აღმოაჩინეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

შვეიცარიაში მდებარე ბაზელის უნივერსიტეტსა და აშშ-ში განლაგებულ კოლუმბიის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა კოლეგებთან ერთად თაგვებზე ჩატარებული კვლევისას მათ ტვინში აქამდე უცნობი ტიპის გლიური უჯრედები აღმოაჩინეს. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოცემაში Science ახლახან გამოქვეყნებულ ნაშრომშია წარმოდგენილი.

ნახეთ: მეცნიერებმა ადამიანის თავის ქალაში ახალი ორგანო აღმოაჩინეს

სპეციალისტებმა კვლევის ფარგლებში ზრდასრული თაგვების თავის ტვინი, კერძოდ კი მისი სუბვენტრიკულარული ზონა შეისწავლეს, რომელიც ტვინის გვერდითა პარკუჭების გარეთა რეგიონს გულისხმობს. ის ყველა ხერხემლიანი ცხოველის ორგანიზმში გვხვდება, მათ შორის ადამიანების სხეულშიც. მეცნიერებმა ყურადღება ნერვულ ღეროვან უჯრედებზე გაამახვილეს, რომელთაც სხვადასხვა სახის ქსოვილად გადაქცევა შეუძლიათ, რისი მომსწრენიც ნაშრომის ავტორები გახდნენ. მათ სხვებთან ერთად, ახლად წარმოქმნილი გლიური უჯრედებიც შენიშნეს, რომელთა მსგავსი ამ დრომდე არ უნახავთ.

გლიური უჯრედი, ასტროციტი. ფოტო: Getty Images

გლიური უჯრედების დანიშნულება ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნეირონების დაცვაა. მკვლევართა განცხადებით, მათ მიერ აღმოჩენილი უჯრედები სწორედ ამგვარი ქსოვილის დაზიანებისას აქტიურდებიან და მის აღდგენას უზრუნველყოფენ. ამასთან, ერთ-ერთი მათგანი უშუალოდ პარკუჭის კედელზეც წარმოიქმნა, რაც, სავარაუდოდ, იმას ნიშნავს, რომ მას ტვინის შორეული არეალიდან მომავალი სიგნალების მიღება და შესაბამისი ქმედების განხორციელება შეუძლია. თუმცა, მეცნიერები ამის დანამდვილებით თქმისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ.

ტვინის ზოგიერთი უჯრედი ადამიანის სიკვდილის შემდეგ აქტიურდება

ისინი იმედოვნებენ, რომ მათი მიგნება გლიოგენეზის, ანუ ღეროვანი უჯრედებიდან გლიური უჯრედების ფორმირების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებაში და იმის გარკვევაში დაგვეხმარება, როდემდე მიმდინარეობს ორგანიზმში ეს პროცესი.

კომენტარები

ბოლო ამბები