Thumbnail

ნახეთ: პირველმა მფრინავმა სარბოლო ელექტრომობილმა სადებიუტო ფრენა შეასრულა

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში დაფუძნებული სტარტაპის Alauda Aeronautics მიერ შექმნილმა მსოფლიოში პირველმა დისტანციურად მართვადმა მფრინავმა სარბოლო ელექტრომობილმა Airspeeder Mk3 სადებიუტო ფრენა შეასრულა. კომპანიის წარმომადგენლები უახლოეს მომავალში რამდენიმე მოდელს მოწინააღმდეგე გუნდებს გადასცემენ, რომელთა მონაწილეობითაც მიმდინარე წლის ბოლოს ჰაერში შეჯიბრი, სახელწოდებით EXA გაიმართება.

► მთვარეზე დისტანციურად მართვადი მანქანების რბოლა 2021 წელს გაიმართება

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თითოეული გუნდიდან პილოტები შეირჩევიან, რომლებიც რბოლისას მფრინავ ელექტრომობილებს დისტანციურად, სიმულატორის დახმარებით მართავენ. მათი თანაგუნდელები კი შეჯიბრის განმავლობაში გამოცხადებული მოკლევადიანი შესვენებების დროს მანქანის ელემენტების გამოცვლაზე იზრუნებენ. როგორც ცნობილია, მანევრებზე ორიენტირებული რბოლებისას ენერგიის წყაროს შედარებით მსუბუქ ვარიანტს გამოიყენებენ. აქვე აღსანიშნავია, რომ Airspeeder სერიის ელექტრომობილებს სპეციალური სარადარო სისტემის მხარდაჭერა აქვთ, რაც მათ ერთმანეთთან შეჯახების საფრთხის თავიდან არიდებაში დაეხმარება.

 

Alauda Aeronautics-მა ვერტიკალური აფრენისა და დაშვების სისტემით აღჭურვილი სარბოლო ელექტრომობილის შექმნაზე მუშაობა 2017 წელს დაიწყო, მისი დასრულებული მოდელი Airspeeder Mk3 კი მიმდინარე წლის თებერვალში წარადგინა. მანქანა თავდაპირველად პილოტზე იყო გათვლილი, ამიტომ მის სალონში ერთი ადამიანი თავსდება. მფრინავ ელექტრომობილს ნახშირბადის ბოჭკოებისგან დამზადებული კორპუსი აქვს, რისი წყალობითაც ის 100 კილოგრამს იწონის. მანქანა 96 კილოვატი სიმძლავრის ელექტროძრავითაა აღჭურვილი და საათში 120 კილომეტრზე მეტი მანძილის დაფარვა შეუძლია. Airspeeder Mk3-ზე 8 როტორია დამონტაჟებული, რომლებიც სხვადასხვა მხარეს ოთხ წყვილადაა განლაგებული. მსგავსი კონფიგურაცია მკვეთრი მოხვევის საშუალებას იძლევა.

► ნახეთ: General Motors-მა ახალი მფრინავი და ავტონომიური მანქანები წარადგინა

აღსანიშნავია, რომ ავსტრალიური სტარტაპი Airspeeder-ის გაუმჯობესებული მოდელის, Mk4-ის შექმნას გეგმავს, რომლის მართვასაც, წინამორბედისგან განსხვავებით, საკუთარ თავზე უკვე პილოტი აიღებს. წინასწარი ინფორმაციით, Alauda Aeronautics ახალ მფრინავ სარბოლო ელექტრომობილს საზოგადოებას 2022 წელს წარუდგენს. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, Airspeeder Mk4-ის სიჩქარე 160 კმ/სთ იქნება და ის 60 მეტრამდე სიმაღლეზე 20 წუთის განმავლობაში იფრენს.

კომენტარები

ბოლო ამბები