Thumbnail

გაერო: მსოფლიოს დიდ ნაწილს ახლო მომავალში მკაცრი გვალვა ემუქრება

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კატასტროფების რისკის შემცირების სამსახურის მიერ საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ოფიციალური ანგარიშის თანახმად, დედამიწის უმეტეს ნაწილს უახლოეს მომავალში მკაცრი გვალვა ემუქრება. სპეციალისტთა განცხადებით, ეს გლობალური საფრთხეა, რომლის თავიდან ასაცილებლადაც ბრძოლა დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ.

ამაზონის ჯუნგლებს 2064 წლისთვის განადგურება ემუქრება

როგორც ცნობილია, მხოლოდ უკანასკნელი ორი დეკადის განმავლობაში გვალვამ პირდაპირი გავლენა მოახდინა დაახლოებით 1.5 მილიარდ ადამიანზე, მისგან მიყენებულმა ზარალმა კი 125 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ვარაუდობენ, რომ ეს მაჩვენებლები სინამდვილეს არ შეესაბამება, რადგან ის მხოლოდ მოწინავე სახელმწიფოების მონაცემებს აერთიანებს, ნაკლებად განვითარებული ქვეყნების უმრავლესობას კი არ ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტად მშრალი კლიმატი უარყოფითად სწორედ მათზე აისახება. თუმცა, გაეროს ანგარიშის მიხედვით, გვალვა ნელ-ნელა მთელ მსოფლიოში ვრცელდება, რის გამოც მასთან გამკლავება ცოტა ხანში თითქმის ყველა რეგიონს მოუწევს.

გაეროს ანგარიშის თანახმად, გვალვა ნელ-ნელა მთელ მსოფლიოში ვრცელდება, რის გამოც მასთან გამკლავება თითქმის ყველა რეგიონს მოუწევს.

"გვალვა, შესაძლოა, მალე მომდევნო პანდემიად იქცეს, რომლის საწინააღმდეგო ვაქცინაც არ არსებობს. უახლოეს რამდენიმე წელიწადში დედამიწაზე მცხოვრები მოსახლეობის უმეტესობას წყლის ნაკლებობა დაემუქრება. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მასზე გაზრდილ მოთხოვნას რესურსის უქონლობის გამო ვერ დავაკმაყოფილებთ. ეს, ასევე, ნიადაგის დეგრადაციასა და ძირითადი მარცვლეული კულტურების მოსავლის რაოდენობის შემცირებასაც გამოიწვევს", - აცხადებს გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, მამი მისოტური.

გლობალურმა დათბობამ, სავარაუდოდ, შეუქცევადი სახე მიიღო

მეცნიერთა თქმით, ამგვარი გვალვის უმთავრეს მიზეზებს შორისაა კლიმატის ცვლილება, წყლის რესურსის არასწორი გადანაწილება და მოხმარება, სამეურნეო მიზნით მიწის აქტიური გამოყენება, გაუტყეურება, ნიადაგში დიდი ოდენობით სასუქის შერევა და სხვა. მამი მისოტურის აზრით, საფრთხის თავიდან ასაცილებლად რეგულაციები უნდა დაწესდეს, თანაც რაც შეიძლება სწრაფად. ის რისკის ქვეშ მყოფი თითოეული ქვეყნის ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

კომენტარები

ბოლო ამბები