Thumbnail

ტასმანიურმა ეშმაკებმა ავსტრალიის კუნძულზე პინგვინების პოპულაცია გაანადგურეს

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ავსტრალიაში დაფუძნებული ორგანიზაციის BirdLife Australia განცხადებით, ტასმანიურმა ეშმაკებმა აღნიშნული ქვეყნის შემადგენლობაში შემავალ კუნძულ მარიაზე პატარა პინგვინების სახელით ცნობილი სახეობის წარმომადგენლები მთლიანად გაანადგურეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მტაცებელი ჩანთოსნები საფრთხეს იქ მობინადრე ქათმისებრი ბატებისა და ქარიშხალათა პოპულაციასაც უქმნიან.

ნახეთ: ტასმანიური ეშმაკები ავსტრალიის ველურ გარემოში 3,000 წლის შემდეგ პირველად გაჩნდნენ

აღსანიშნავია, რომ ტასმანიური ეშმაკები, რომლებიც თავდაპირველად ავსტრალიის მთელ ტერიტორიაზე ბინადრობდნენ, ბოლოს მხოლოდ კუნძულ ტასმანიაზე იყვენენ შემორჩენილი. მეცნიერთა ვარაუდით, კონტინენტზე მათი გადაშენება ველური ძაღლი დინგოს გავრცელებამ და ადგილობრივი მონადირეების მიერ ამ ცხოველის ძირითადი საკვების, მცირე და საშუალო ზომის ძუძუმწოვრების განადგურებამ განაპირობა. ტასმანიაზე შემორჩენილ ჩანთოსნებში 1990-იან წლებში სიმსივნური დაავადები გავრცელდა, რამაც აღნიშნულ ძუძუმწოვართა პოპულაციის დაახლოებით 90 პროცენტის განადგურება გამოიწვია. შედეგად, 2009 წელს ტასმანიური ეშმაკი გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობად გამოცხადდა.

პატარა პინგვინების სახელით ცნობილი  სახეობის წარმომადგენლები. ფოტო: Marc Dozier

გარემოსდაცვითმა ორგანიზაციებმა გადაშენების პირას მყოფი ხორცისმჭამელი ჩანთოსნების გადასარჩენად და გასამრავლებლად არაერთ ღონისძიებას მიმართეს. მათ შორის, 2012-2013 წლებში ტასმანიის აღმოსავლეთით მდებარე კუნძულ მარიაზე, რომელსაც დაახლოებით 115 კვადრატული კილომეტრი ფართობი უჭირავს, აღნიშნული სახეობის წარმომადგენელი 28 ინდივიდი გაუშვეს. მეცნიერები იმედოვნებდნენ, რომ ტასმანიური ეშმაკების იზოლირებულ გარემოში შენარჩუნებით მათ შორის დაავადებების გავრცელების პრევენციას შეძლებდნენ.

მეცნიერთა მცდელობებმა დადებითი შედეგი გამოიღო და 2016 წლისთვის მოცემულ არეალში ტასმანიური ეშმაკების რაოდენობა ასამდე გაიზარდა. თუმცა, ამის პარალელურად, კუნძულ მარიაზე, სადაც ჯერ კიდევ ერთი დეკადის წინ 6 ათასამდე პატარა პინგვინი ბინადრობდა, მტაცებელმა ჩანთოსნებმა ამ უკანასკნელთა პოპულაცია მთლიანად გაანადგურეს. ფრინველის აღნიშნული სახეობის წარმომადგენლები ძირითადად ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის სანაპიროებთან გვხვდებიან. როგორც ცნობილია, პატარა პინგვინებზე, ასევე, ოპოსუმები და კატები ნადირობენ.

► დედამიწაზე მობინადრე ორგანიზმებს უჟანგბადობის გამო განადგურება ემუქრება

ფაუნაზე უარყოფითი გავლენის მიუხედავად, ავსტრალიაში ტასმანიური ეშმაკების გამრავლებაზე ადგილობრივი გარემოსდაცვითი ორგანიზაციები მაინც ზრუნავენ. ახალი სამხრეთ უელსის შტატში დაფუძნებულმა გაერთიანებამ Aussie Ark გასული წლის შემოდგომაზე 3 ათასი წლის შემდეგ პირველად ისინი კონტინენტზე, თავიანთ ბუნებრივ საცხოვრებელ გარემოში დააბრუნა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს ქვეყანას ამ ძუძუმწოვრების შვიდი ნაშიერი მოევლინა. მომდევნო ორი წლის განმავლობაში ორგანიზაცია ავსტრალიის ტერიტორიაზე კიდევ 40 ტასმანიური ეშმაკის გაშვებას გეგმავს.

კომენტარები

ბოლო ამბები