Thumbnail

ყავის სმამ შესაძლოა, ღვიძლის ქრონიკული დაავადების რისკი შეამციროს

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

დიდ ბრიტანეთში მდებარე საუთჰემპტონის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერები ედინბურგში განლაგებულ ქვინსის სამედიცინო კვლევით ინსტიტუტში მოღვაწე კოლეგებთან ერთად აცხადებენ, რომ ყავის სმით, შესაძლოა, ღვიძლის ქრონიკული დაავადების განვითარების რისკი შემცირდეს. ამის შესახებ მათი ნაშრომი გამოცემაში BMC Public Health გამოქვეყნდა.

► სოკოს ყოველდღიურად მიღება სიმსივნით დაავადების რისკს 45%-ით ამცირებს

ბრიტანელი სპეციალისტები აღნიშნულ დასკვნამდე მას შემდეგ მივიდნენ, რაც 494,585 ადამიანის მონაცემები შეისწავლეს. როგორც ცნობილია, მათი ასაკი 40-დან 69 წლამდე მერყეობდა. კვლევაში მონაწილეთაგან 384,818 ყავის მუდმივი მომხმარებელი იყო, დანარჩენი 109,767 კი ამ სასმელს არ ეტანებოდა. მეცნიერები მათ ღვიძლის მდგომარეობას დაახლოებით 11 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. ამ პერიოდში აღნიშნული ორგანოს ქრონიკული სნეულება 3,600 ადამიანს განუვითარდა. მათ შორის 301 გარდაიცვალა, 1,839 მათგანს კი შედარებით მსუბუქი ფორმის ღვიძლის ცხიმოვანი დაავადების დიაგნოზი დაუსვეს.

მეცნიერების განცხადებით, ნებისმიერი სახეობის ყავის სმამ, შესაძლოა, ღვიძლის ქრონიკული დაავადების განვითარების რისკი შემციროს.  

მონაცემთა ანალიზმა ცხადყო, რომ სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, მათ შორის, ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარების შემთხვევაში, ადამიანებში, რომლებიც ამასთან ერთად ნებისმიერი სახეობის ყავას სვამდნენ, ღვიძლის ქრონიკული თუ ცხიმოვანი დაავადების განვითარების რისკი 20 პროცენტით დაბალი იყო. ამის გარდა, ამ სასმლის მოყვარულებში აღნიშნული მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობა 49 პროცენტით ნაკლები აღმოჩნდა. მეცნიერთა განცხადებით, განსაკუთრებული ეფექტი ნალექიანი ყავის მიღებისას გამოვლინდა. მათივე თქმით, კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, დღეში სამი-ოთხი ფინჯანი ყავის დალევის შემთხვევაში ღვიძლის დაავადებების განვითარების ალბათობა გაცილებით იკლებს.

► გენური ინჟინერიის მეშვეობით ქრონიკული ტკივილის მკურნალობაა შესაძლებელი

ღვიძლის ქრონიკული დაავადება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. აღნიშნული მიზეზით გარდაცვლილთა რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით 1990-დან 2017 წლამდე დროის პერიოდში 899,000 ათასიდან 1,32 მილიონამდე გაიზარდა. ამ მხრივ ყველაზე ცუდი მდგომარეობა აფრიკაში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, ასევე, აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაშია.  

კომენტარები

ბოლო ამბები