Thumbnail

ნახეთ: ჩინეთში 10-სართულიანი კორპუსი 29 საათში ააშენეს

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ჩინეთში დაფუძნებული კომპანიის Broad Group მშენებლებმა ამავე ქვეყნის ხუნანის პროვინციაში მდებარე ქალაქ ჩანშაში 10-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი 29 საათზე ნაკლებ დროში ააგეს. მედიასა და სოციალურ ქსელებში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც მშენებლობის პროცესი დაჩქარებულ რეჟიმშია ნაჩვენები.

► ნახეთ: ჩინეთის ქალაქ შენჟენში 400-მეტრიანი ტყუპი ცათამბჯენი აშენდება

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Broad Group-ის მშენებლებმა საცხოვრებელი კორპუსის ასაგებად ქარხანაში წინასწარ დამზადებული მოდულური კონსტრუქციები გამოიყენეს. მუშებმა ისინი სამი ამწის დახმარებით ერთმანეთზე დააწყეს და ჭანჭიკებით დააფიქსირეს. კონსტრუქციების დამაგრების შემდეგ მშენებლებმა მათი თითო კედელი ძირს დაუშვეს და იატაკად აქციეს. აღსანიშნავია, რომ მოდულებში ფანჯრები და აივნები თავიდანვე იყო ჩამონტაჟებული. მშენებლობის ძირითადი ნაწილის დასრულების შემდეგ კორპუსში წყალი და ელექტროენერგია შეიყვანეს.

 

Broad Group-ის წარმომადგენლების განცხადებით, კორპუსის მომავალ მაცხოვრებლებს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ღელვის საფუძველი არ აქვთ, ვინაიდან მთელი კონსტრუქცია უჟანგავი ფოლადისგან არის დამზადებული. მათივე თქმით, შენობის ყველა სართულის იატაკი, რომელთა შესაქმნელადაც ასევე რკინის აღნიშნული შენადნობია გამოყენებული, ჩვეულებრივზე ასჯერ უფრო გამძლეა. მშენებლობის დასრულების შემდეგ ამ უკანასკნელს ხის მასალა გადააკრეს და კორპუსის ოთახები თეთრ ფერში შეღებეს. მოგვიანებით კი იქ საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი შეიტანეს.

► ნახეთ: ჩინეთში მდებარე ცათამბჯენმა მოულოდნელად რყევა დაიწყო

ჩინურ კომპანიაში იმედოვნებენ, რომ მსგავს ტექნოლოგიას მომავალში ცათამბჯენებისა და სხვა საცხოვრებელი კორპუსებისა თუ საზოგადოებრივი დაწესებულებების ასაშენებლად გამოიყენებენ. აღსანიშნავია, რომ Broad Group წინასწარ გამზადებული კონსტრუქციებით 220-სართულიანი შენობის აგებას ჯერ კიდევ 2012 წელს გეგმავდა. კომპანიის მიზანი ცათამბჯენის მშენებლობის დაახლოებით 7 თვეში დასრულება იყო, თუმცა ჩინეთის მთავრობამ მას ამის ნებართვა არ მისცა. 

კომენტარები

ბოლო ამბები