Thumbnail

ნახეთ: საჰაერო ბურთით სტრატოსფეროში ასაფრენი ბილეთების გაყიდვა დაიწყო

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

აშშ-ის ფლორიდის შტატში დაფუძნებულმა სტარტაპმა Space Perspective გიგანტური საჰაერო ბურთით სტრატოსფეროში სამოგზაუროდ ბილეთების გაყიდვა დაიწყო. Spaceship Neptune-ის სახელით ცნობილ კაფსულაში ერთი ადგილის ღირებულება 125 ათას აშშ დოლარს შეადგენს. მისი წინასწარ დაჯავშნა კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია.

► ჯეფ ბეზოსი Blue Origin-ის პირველ ეკიპაჟიან მისიაში მიიღებს მონაწილეობას

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საჰაერო ბურთი კაფსულას ჩვენი პლანეტის სტრატოსფეროში ფლორიდაში მდებარე კანავერალის კონცხიდან 19 კმ/სთ სიჩქარით აიყვანს. ეკიპაჟის წევრები იქ ორი საათის განმავლობაში დაყოვნდებიან, რა დროსაც 360-გრადუსიანი ხედითა და დედამიწის კიდიდან მზის ამოსვლით ტკბობას შეძლებენ. ამის შემდეგ საჰაერო ბურთი კვლავ ხმელეთისკენ დაეშვება და Spaceship Neptune-ს ატლანტის ოკეანეში ჩაუშვებს. მგზავრებს იქ სანაპიროზე გადასაყვანად განკუთვნილი გემი დახვდებათ. როგორც ცნობილია, მგზავრობა საერთო ჯამში ექვს საათს გაგრძელდება, კაფსულით სარგებლობას კი ერთდროულად რვა ადამიანი შეძლებს.

 

Space Perspective-ის გიგანტურმა საჰაერო ბურთმა სატესტო ფრენა მიმდინარე წლის 18 ივნისს შეასრულა. ის კაფსულასთან ერთად ფლორიდის შტატის ქალაქ ტაიტუსვილში მდებარე კოსმოდრომიდან ეკიპაჟის გარეშე გაუშვეს. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, ფრენა 6 საათისა და 39 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. მათივე თქმით, საჰაერო ბურთმა დედამიწის ზედაპირიდან 33 კილომეტრზე ასვლა შეძლო, მოგზაურობის დასრულების შემდეგ კი ფლორიდის სანაპიროდან დაახლოებით 80 კილომეტრის მოშორებით, მექსიკის ყურეში დაეშვა. 

► NASA სტრატოსფეროში სტადიონის ზომის საჰაერო ბურთს გაუშვებს

Space Perspective-ის მთავარ კონკურენტად ჯეფ ბეზოსის კომპანიას Blue Origin მოიაზრებენ. ეს უკანასკნელი პირველ ეკიპაჟიან მისიას მიმდინარე წლის 20 ივლისს განახორციელებს, რა დროსაც აპარატით New Shepard დედამიწის ატმოსფეროსა და კოსმოსის გამყოფ ე.წ. კარმანის ხაზამდე ასვლას გეგმავს, რომელიც ჩვენი პლანეტიდან დაახლოებით 100 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. Blue Origin-ს მგზავრობის ოფიციალური ღირებულება არ დაუსახელებია, თუმცა მისი ხომალდის ბორტზე მოსახვედრი ერთი ბილეთი აუქციონზე 2,8 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. Space Perspective-ის კიდევ ერთ კონკურენტად Virgin Galactic მიიჩნევა, რომელიც უახლოეს მომავალში, ასევე, სუბორბიტული ეკიპაჟიანი მისიების განხორციელებას გეგმავს. მან ბოლოს ჩვენი პლანეტის ატმოსფეროს მიღმა სამოგზაუროდ ბილეთის ღირებულებად 250 ათასი აშშ დოლარი დაასახელა.  

კომენტარები

ბოლო ამბები