Thumbnail

მეცნიერებმა ახალი ტიპის უძველესი ჰომინიდი აღმოაჩინეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ისრაელში მდებარე თელ ავივის უნივერსიტეტსა და იერუსალიმის ებრაულ უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა უცხოელ კოლეგებთან ერთად აქამდე უცნობი ტიპის უძველესი ჰომინიდი აღმოაჩინეს. მათი თქმით, შესაძლოა, ისინი ევროპაში მცხოვრები ნეანდერტალელების წინაპრები ყოფილიყვნენ. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოცემაში Science ახლახან გამოქვეყნებულ ნაშრომებშია წარმოდგენილი.

აფრიკაში ჰომო საპიენსის უძველესი სამარხი აღმოაჩინეს

სპეციალისტებმა 140,000-120,000 წლით დათარიღებულ პრეისტორიულ ნაშთებს აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთის რეგიონ ლევანტში, ნეშერ რამლას სახელით ცნობილ არქეოლოგიურ ზონაში წარმოებული გათხრებისას მიაკვლიეს. 8 მეტრის სიღრმეზე მათ სხვადასხვა ცხოველის ჩონჩხებთან და ქვის იარაღებთან ერთად ჰომინიდის თავის ქალის ფრაგმენტებიც აღმოაჩინეს, კერძოდ, თხემის ძვალი, ყბა და კბილები. შედარებითმა ანალიზმა და ნიმუშების ციფრულმა რეკონსტრუქციამ აჩვენა, რომ პირველი მათგანი ნეანდერტალელების სხეულის აგებულებას ემთხვევა, ბოლო ორი კი უძველესი ადამიანისას. აქედან მეცნიერები ასკვნიან, რომ საქმე სრულიად ახალი ტიპის ჰომოსთან გვაქვს, რომელიც შუა პლეისტოცენის ეპოქაში ცხოვრობდა.

ნეშერ რამლას სახელით ცნობილი ჰომინიდის რეკონსტრუირებული თავის ქალა. ფოტო: Tel Aviv University

ეს ეჭვქვეშ აყენებს მოსაზრებას, რომ ნეანდერტალელები ევროპაში წარმოიშვნენ, რადგან, როგორც ჩანს, მათი წინაპრები ათასობით წლის წინ ლევანტში სახლობდნენ. მეცნიერთა განცხადებით, ნეშერ რამლად წოდებული ჰომინიდები ამ რეგიონში ჰომო საპიენსებთან ერთად დაახლოებით 100 ათასი წლის განმავლობაში თანაცხოვრობდნენ, მათთან ჯვარდებოდნენ კიდეც და ინფორმაციასაც ცვლიდნენ. სავარაუდოდ, მათი შთამომავლობაა აზიაში გავრცელებული უძველესი ადამიანების პოპულაციაც. მკვლევრები არ გამორიცხავენ, რომ იმავე არეალში მდებარე გამოქვაბულებში აქამდე აღმოჩენილი უჩვეულო ნაშთები სწორედ ახალ ტიპს მიეკუთვნებოდეს.

კენიაში უძველესი ჰომო ერექტუსის ძვლები აღმოაჩინეს

ნაშრომის ავტორთა თქმით, უკანასკნელი მიგნება ჰომინიდების ევოლუციის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის. ასევე, მისი მეშვეობით შევძლებთ გავიგოთ, როგორ მიგრირებდნენ ისინი დედამიწის ამა თუ იმ ნაწილში.

კომენტარები

ბოლო ამბები