Thumbnail

ნახეთ: ტოკიოს ზოოპარკში გიგანტურმა პანდამ ტყუპები გააჩინა

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მდებარე უენოს ზოოპარკში გიგანტურმა პანდამ ტყუპები გააჩინა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული სახეობის ძუძუმწოვარი დაწესებულებაში გასული ოთხი წლის განმავლობაში პირველად დაიბადა.

► ნახეთ: კენტის საგრაფოში შავი ფერის იაგუარი დაიბადა

უენოს ზოოპარკის ბინადარი გიგანტური პანდების, შინ შინისა და რი რის ნაშიერები ქვეყანას 23 ივნისს მოევლინენ. დაწესებულების ადმინისტრაციის ინფორმაციით, ისინი დაახლოებით საათნახევრიანი დროის ინტერვალით გაჩნდნენ. მათივე განცხადებით, ერთ-ერთი ახალშობილი 124 გრამს იწონის, მისი ტყუპისცალის წონა კი უცნობია. აღსანიშნავია, რომ უენოს ზოოპარკის ახალი ბინადრების სქესი ჯერჯერობით გაურკვეველია. ისინი ამჟამად მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

 

ახალშობილი ტყუპების დედა, შინ შინი 2005 წლის 3 ივლისს, ჩინეთის სიჩუანის პროვინციაში მდებარე ვოლონგის ეროვნულ ნაკრძალში, გიგანტური პანდების დაცვის ცენტრში (CCRCGP) დაიბადა. ის უენოს ზოოპარკში 2011 წელს გადაიყვანეს და რი რისთან შეაწყვილეს. მათი პირველი ნაშიერი, რომელსაც შან შანი დაარქვეს, ქვეყანას 2017 წელს მოევლინა. აღსანიშნავია, რომ იაპონიის უძველეს ზოოპარკში, რომელიც 1882 წელს გაიხსნა, ტყუპი გიგანტური პანდები პირველად გაჩნდნენ.

► ნახეთ: ედინბურგის ზოოპარკში ჯუჯა ბეჰემოთი დაიბადა

გიგანტური პანდები ძირითადად ჩინეთის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში მდებარე ბამბუკის ტყეებში ბინადრობენ. მათი საკვები რაციონის დიდ ნაწილს სწორედ ეს მცენარე შეადგენს. როგორც ცნობილია, მოზრდილ ძუძუმწოვარს დღეში საშუალოდ 10-20 კილოგრამი ბამბუკი სჭირდება. გიგანტური პანდა წლების განმავლობაში გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობად იყო მიჩნეული, თუმცა ბოლო დროს ამ ცხოველთა პოპულაცია საგრძნობლად გაიზარდა და 2016 წლის 4 სექტემბერს ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) გადაწყვეტილებით, მას აღნიშნული სტატუსი მოეხსნა.    

კომენტარები

ბოლო ამბები