Thumbnail

მეცნიერებმა ადამიანის ახალი სახეობა აღმოაჩინეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიასა და ამავე ქვეყანაში მდებარე ნანკინის უნივერსიტეტში მომუშავე სპეციალისტებმა ავსტრალიელ და ბრიტანელ კოლეგებთან ერთად უძველესი თავის ქალის შესწავლის გზით ადამიანის ახალი სახეობა გამოავლინეს. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოცემაში The Innovation გამოქვეყნებულ სამ სხვადასხვა ნაშრომშია წარმოდგენილი.

მეცნიერებმა ახალი ტიპის უძველესი ჰომინიდი აღმოაჩინეს

დღემდე კარგად მოღწეული 23 სანტიმეტრი სიგრძისა და15 სანტიმეტრი სიგანის მქონე თავის ქალა ჩინელმა მუშამ ხეილუნძიანის პროვინციის დედაქალაქ ხანბინში ჯერ კიდევ 1933 წელს აღმოაჩინა, როცა აღნიშნული ტერიტორია იაპონიის მფლობელობაში იყო. ნიმუში მან მიტოვებულ მაღაროში გადამალა, სადაც ის 80 წელი ინახებოდა. პალეონტოლოგებს მისი შესწავლის საშუალება მხოლოდ 2018 წელს მიეცათ. მათ მიერ ჩატარებულმა გეოქიმიურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ნარჩენები, სავარაუდოდ, 50 წლის მამაკაცს ეკუთვნის, რომელიც დაახლოებით 146 ათასი წლის წინ ცხოვრობდა. მას ფართო სახე და ცხვირი, თვალის ღრმა ბუდეები, გრძელი კბილები, წარბის ზედა სქელი ძვალი, ასევე, ჰომო საპიენსის მსგავსი ყვრიმალები და დიდი ზომის ტვინი ჰქონდა. მეცნიერთა განცხადებით, ის ადამიანის აქამდე უცნობი სახეობის წარმომადგენელი იყო.

ილუსტრაცია ადამიანის ახალაღმოჩენილი სახეობის წარმომადგენელს გვიჩვენებს, ფოტო: The Innovation

ახალ სახეობას მკვლევრებმა ჰომო ლონგი, იგივე ადამიანი-დრაკონი იმ ადგილის საპატივცემულოდ უწოდეს, სადაც თავის ქალა აღმოაჩინეს (ხეილუნძიანის პროვინციის სახელი "შავი დრაკონის მდინარეს" ნიშნავს). ეს რეგიონი ძველად მკაცრი პირობებით გამოირჩეოდა, რომლისთვის დამახასიათებელ ცივ კლიმატსაც იქ მობინადრენი შეჩვეულები იყვნენ. ამაში მათ სხეულის დიდი ზომა ეხმარებოდა, რომელიც თანამედროვე ადამიანისას მნიშვნელოვნად აღემატებოდა. ნაშრომის ავტორთა აზრით, ეს ჰომინიდები ევოლუციურად ჩვენთან იმაზე ახლოს არიან, ვიდრე ნეანდერტალელები. მეცნიერთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ისინი დენისოველებად წოდებულ უძველეს პოპულაციას მიეკუთვნებოდნენ, თუმცა ამის დასადასტურებლად დამატებითი კვლევებია საჭირო.

აფრიკაში ჰომო საპიენსის უძველესი სამარხი აღმოაჩინეს

სპეციალისტთა აზრით, მათი მიგნება ცხადყოფს, რამდენად კომპლექსური იყო ადამიანის ევოლუცია. ჰომო საპიენსი დიდი ხნის განმავლობაში ათ სხვა სახეობასთან, მათ შორის ჰომო ლონგთან ერთად ცხოვრობდა, მათთან ჯვარდებოდა, ინფორმაციას ცვლიდა და სავარაუდოდ, ებრძოდა კიდეც, რამაც ამ ჰომინიდების გადაშენება გამოიწვია.

კომენტარები

ბოლო ამბები