Thumbnail

მეცნიერების ვარაუდით, მარსზე იმაზე მეტი წყალია, ვიდრე აქამდე გვეგონა

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) რეაქტიული ძრავების ლაბორატორიაში (JPL) მომუშავე მეცნიერების ვარაუდით, მარსზე იმაზე მეტი წყალია, ვიდრე აქამდე გვეგონა. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოცემაში Geophysical Research Letters გამოქვეყნებულ ნაშრომშია წარმოდგენილი. 

► მეცნიერებმა მარსზე ახალი სახის მყინვარები აღმოაჩინეს

სპეციალისტებმა ეს ვარაუდი მას შემდეგ გამოთქვეს, რაც ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) კუთვნილი ორბიტერის Mars Express მიერ 15 წლის განმავლობაში შეგროვებული მონაცემები გააანალიზეს. აღსანიშნავია, რომ აპარატზე დამონტაჟებული სარადარო სისტემის MARSIS მიერ მოპოვებული მასალის შესწავლისას 2018 წელს მეცნიერებმა წითელი პლანეტის სამხრეთ პოლუსზე, ციური სხეულის ზედაპირის ქვეშ თხევადი წყლით სავსე ტბა აღმოაჩინეს. ახალი ნაშრომის ავტორებმა, მონაცემთა ფართო ანალიზის შედეგად მის მიმდებარე არეალში ათობით მსგავსი ობიექტის არსებობის დამადასტურებელი რადარის სიგნალი დააფიქსირეს.

გამოსახულებაზე ფერადი წერტილებით მარსის ზედაპირის ქვეშ რადარის MARSIS სიგნალებია ნაჩვენები. ფოტო: ESA/NASA

NASA-ში მომუშავე მკვლევრები არ გამორიცხავენ, რომ მარსის ზედაპირის ქვეშ მათ მიერ ახლახან აღმოჩენილი წყალი არა თხევად მდგომარეობაში, არამედ მყარი სახით იყოს წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ მისი დიდი ნაწილი წითელი პლანეტის სამხრეთ პოლუსის იმ რეგიონშია თავმოყრილი, რომელიც მეცნიერების ვარაუდით, მილიონობით წლის განმავლობაში, ციური სხეულის ღერძის გადახრასთან და ტემპერატურის ცვლილებასთან ერთად დროდადრო წყლის ყინულით, მშრალი ყინულით ან მტვრით იფარებოდა.

სპეციალისტებმა მოცემულ რეგიონზე დაკვირვება და მისი რუკის შედგენა რადიოტალღების დახმარებით სცადეს. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი ციური სხეულის ზედაპირის ქვეშ არსებულ მყარ მატერიაში გავლის შემდეგ, როგორც წესი საგრძნობლად სუსტდება. მეცნიერებმა შენიშნეს, რომ რეგიონის ზოგი მონაკვეთიდან მომავალი სიგნალი საკმაოდ მკაფიო და ნათელი იყო, რაც მათი განცხადებით, შესაძლოა, იქ თხევადი წყლის არსებობაზე მიანიშნებდეს. ნაშრომის ავტორებისთვის გაურკვეველია, ამის გარდა, რას შეიძლება გამოეწვია რადიოტალღების მსგავსი სიძლიერე.

► მარსზე მდინარეებისა და ტბების არსებობისთვის საჭირო პირობებს ღრუბლები ქმნიდა

ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ Mars Express მარსისკენ 2003 წლის 2 ივნისს, ყაზახეთში მდებარე ბაიკონურის კოსმოდრომიდან რუსული რაკეტით Soyuz-FG გაუშვა. ხომალდმა დანიშნულების ადგილამდე დაახლოებით ექვს თვეში მიაღწია და ციური სხეულის გარშემო ორბიტაზე დაიწყო მოძრაობა. მისიის მიზანი წითელი პლანეტის ზედაპირსა და მის ქვეშ მიმდინარე გეოლოგიურ პროცესებზე დაკვირვება, ასევე, მარსის ატმოსფეროს შესწავლაა. 

კომენტარები

ბოლო ამბები