Thumbnail

კვლევის თანახმად, ვენერას ატმოსფეროში სიცოცხლე ვერ იარსებებს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

დიდ ბრიტანეთში მდებარე ქალაქ ბელფასტის ქვინსის უნივერსიტეტსა და გერმანიაში განლაგებულ ბილეფილდის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერების მიერ კოლეგებთან ერთად ჩატარებული კვლევის თანახმად, პლანეტა ვენერას ატმოსფეროში ცოცხალი ორგანიზმები ვერ იარსებებენ, რადგან იქ მცირე რაოდენობის წყალი გვხვდება. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოცემაში Nature Astronomy ახლახან გამოქვეყნებულ ნაშრომშია წარმოდგენილი.

ნახეთ: ევროპის კოსმოსური სააგენტო ვენერაზე მისიის განხორციელებას გეგმავს

ვენერა სამეცნიერო საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში გასულ წელს მოექცა, როცა ასტრონომებმა იქ ფოსფინის სახელით ცნობილი აირის სპექტრული კვალი აღმოაჩინეს. მას დედამიწაზე ანაერობული ბაქტერიები ჟანგბადის დაბალი შემცველობის მქონე ადგილებში, ჭაობებში, ტბების დანალექ ქანებსა თუ ცხოველთა შინაგან ორგანოებში წარმოქმნიან. სპეციალისტებმა მაშინ მიიჩნიეს, რომ მისი სხვა პლანეტაზე დაფიქსირება იქ სიცოცხლის სავარაუდო არსებობის მანიშნებელი შეიძლებოდა ყოფილიყო, თუმცა ახალი კვლევა ამას უარყოფს.

მეცნიერთა გამოთვლებით, იუპიტერის ატმოსფეროში საკმარისი წყალია, რათა იქ მიკრობებმა ცოცხლად გადარჩენა შეძლონ. ფოტო: NASA

დედამიწაზე მობინადრე მიკრობები გადასარჩენად და გასამრავლებლად წყალს საჭიროებენ. იმის გასარკვევად, არის თუ არა ვენერაზე მათთვის სათანადო პირობები, ნაშრომის ავტორებმა სხვადასხვა კოსმოსური აპარატის მიერ შეგროვებული მონაცემები შეისწავლეს. შედეგად, მათ ჩვენი მეზობელი პლანეტის ატმოსფეროში წყლის აქტიურობა, ანუ ღრუბლების შემადგენელ მოლეკულებში მისი ორთქლის წნევა გამოთვალეს. იმისთვის, რომ ცოცხალმა ორგანიზმებმა იქ არსებობა შეძლონ, 0-დან 1-მდე შკალაზე ეს მაჩვენებელი მინიმუმ 0.585-ს უნდა უდრიდეს, მაგრამ ვენერას შემთხვევაში ნიშნული 0.004-ს არ აღემატება.

NASA ვენერაზე 2030 წლისთვის 2 მისიის განხორციელებას გეგმავს

მკვლევართა განცხადებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ციური სხეულის ატმოსფეროში ყველაზე გამძლე მიკრობებიც კი ვერ გადარჩებიან. აღსანიშნავია, რომ მისგან განსხვავებით, იუპიტერის ღრუბლებში წყლის მაღალი აქტიურობა დაფიქსირდა. კერძოდ, მისმა მაჩვენებელმა 0.585 შეადგინა, თუმცა ეს რაიმეს დაზუსტებით თქმის საშუალებას არ გვაძლევს. მეცნიერთა თქმით, მსგავსი მეთოდი ეგზოპლანეტების სიცოცხლესთან თავსებადობის დადგენაშიც დაგვეხმარება.

კომენტარები

ბოლო ამბები