Thumbnail

ნახეთ: Perseverance-მა მარსზე ახალ არეალში გადაინაცვლა

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) მიერ წითელ პლანეტაზე გაგზავნილმა ახალმა მარსმავლმა Perseverance ციურ სხეულზე მდებარე ჯეზეროს კრატერის ახალ არეალში გადაინაცვლა. როვერის მისიისადმი მიძღვნილ ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე აღნიშნულ ინფორმაციასთან ერთად პანორამული ფოტო გამოქვეყნდა, რომელზეც ეს ადგილია ნაჩვენები.

► ნახეთ: Perseverance-ის მიერ მარსზე გადაღებული პანორამული სურათი გავრცელდა

NASA-ს მარსმავალი ჯეზეროს კრატერის დასავლეთ ნაწილში მდებარე, Séítah-ის სახელწოდებით ცნობილ არეალს ესტუმრა. ეს სიტყვა ჩრდილოეთ ამერიკაში მცხოვრები ინდიელების, ნავაჰოს ხალხის ენაზე "ქვიშით გარშემორტყმულს" ნიშნავს. Perseverance-ის მიერ დედამიწაზე გამოგზავნილი ინფორმაციის მიხედვით, ეს ადგილი სწორედ ქვიშის დიუნებითა და ფენოვანი ქანებით არის მოცული, რაც აპარატის მიერ გადაღებულ პანორამულ გამოსახულებაზეც ჩანს. როგორც ცნობილია, მარსმავალი აღნიშნულ არეალში მცირე ხნით შეყოვნდება, რა დროსაც მის შესწავლას შეეცდება. ამის შემდეგ როვერი გზას გააგრძელებს და კრატერის სხვა ადგილებსაც გამოიკვლევს.

 

Perseverance-მა წითელ პლანეტაზე სამეცნიერო კვლევები ოფიციალურად 1 ივნისს დაიწყო და ადგილიდან, სადაც რამდენიმე თვის წინ დასაჯდომ მოდულთან ერთად დაეშვა, ჯეზეროს კრატერის სამხრეთ ნაწილისკენ გაემართა. NASA-ს წარმომადგენლების განცხადებით, ამის შემდეგ მან ერთ კილომეტრზე მეტი მანძილი გაიარა. მისიის მიზანი მარსის გეოლოგიური მახასიათებლების შესწავლა და აღნიშნულ ტერიტორიაზე სიცოცხლის არსებობის დამადასტურებელი ნიშნების მოძიებაა. მეცნიერთა ვარაუდით, რამდენიმე მილიარდი წლის წინ ჯეზეროს კრატერის ადგილზე ტბა და მდინარის დელტა იყო. აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს ცნობით, Perseverance საერთო ჯამში 2,5-დან 5 კილომეტრამდე მანძილს გაივლის, რა დროსაც სამეცნიერო ნიმუშებს შეაგროვებს და კვლავ იმ ადგილზე დაბრუნდება, საიდანაც მოგზაურობა დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ Perseverance-მა, რომელიც წითელ პლანეტაზე 131 მარსული დღეა იმყოფება, უკვე არაერთი დავალება შეასრულა. აპარატმა მარტის დასაწყისში მის ანძაზე დამაგრებულ SuperCam-ის სახელით ცნობილ ხელსაწყოში ჩამონტაჟებული ლაზერით ციურ სხეულზე ერთ-ერთი ქვა დაშალა და მეცნიერებს მისი შემადგენლობის შესწავლის საშუალება მისცა. მოგვიანებით NASA-ს ახალმა მარსმავალმა მოწყობილობა MEDA-ის დახმარებით ჯეზეროს კრატერში ამინდის შესახებ ცნობები მოიპოვა და დედამიწაზე გამოგზავნა. ამის გარდა, როვერმა ხელსაწყო MOXIE-ის მეშვეობით მარსის ატმოსფეროში არსებული ნახშირორჟანგი ჟანგბადად გარდაქმნა. Perseverance-მა, ასევე, ვერტმფრენის Ingenuity სატესტო ფრენები გადაიღო, ისტორიაში პირველად წითელ პლანეტაზე ხმა ჩაიწერა და იქ 75 ათასზე მეტი ფოტო დააფიქსირა.

► მეცნიერების ვარაუდით, მარსზე იმაზე მეტი წყალია, ვიდრე აქამდე გვეგონა

აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ Perseverance მარსისკენ რაკეტით Atlas V ფლორიდის შტატში მდებარე კანავერალის კონცხიდან 2020 წლის 30 ივლისს გაუშვა. NASA-ს ხომალდმა ციურ სხეულამდე შვიდ თვეში, დაახლოებით 500 მილიონი კილომეტრის გავლის შემდეგ მიაღწია. 1025 კილოგრამი წონის მქონე მარსმავალი დასაჯდომ მოდულთან ერთად წითელი პლანეტის ატმოსფეროში მიმდინარე წლის 19 თებერვალს 19,500 კმ/სთ სიჩქარით შეიჭრა და ლენდერის დახმარებით მარსის ზედაპირზე დაეშვა. NASA როვერის მიერ შეგროვებული ნიმუშების დედამიწაზე ჩამოტანას 2031 წლისთვის გეგმავს, რაც ისტორიაში პირველი მსგავსი შემთხვევა იქნება.    

კომენტარები

ბოლო ამბები