Thumbnail

დღის ფოტო: პეპლის ნისლეული ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის ობიექტივში

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ (NASA) ევროპელ კოლეგებთან ერთად დედამიწის ორბიტაზე გაშვებული ჰაბლის ტელესკოპის მიერ გადაღებული სურათი გამოაქვეყნა, რომელზეც პლანეტური ნისლეული NGC 6302 არის აღბეჭდილი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ობიექტი, რომელსაც თავისი ფორმის გამო პეპლის ნისლეულის სახელით მოიხსენიებენ, კოსმოსურ აპარატზე დამონტაჟებულმა კამერამ WFC3 დააფიქსირა.

NGC 6302 ღრიანკალის თანავარსკვლავედში მდებარეობს და ჩვენგან 3,800 სინათლის წლით არის დაშორებული. მისი აირის გარსი 2-ზე მეტი სინათლის წლის მანძილზე ვრცელდება, ტემპერატურა კი საშუალოდ 20,000 °C-ს შეადგენს. პეპლის ნისლეულის ცენტრში მომაკვდავი ვარსკვლავია განლაგებული, რომლის მასაც ოდესღაც ჩვენი მზისას ხუთჯერ აღემატებოდა. სპეციალისტების განცხადებით, მისგან გამოყოფილი გაზი კოსმოსში საათში დაახლოებით 965 ათასი კილომეტრის მანძილზე იფრქვევა. მათივე თქმით, ეს პროცესი უკვე 2,200 წელზე მეტი ხანია მიმდინარეობს. პლანეტური ნისლეულის ცენტრში მდებარე მნათობის დანახვა შეუძლებელია, ვინაიდან ის მტვრის ღრუბლით არის გარშემორტყმული. აღსანიშნავია, ვარსკვლავის ზედაპირზე ტემპერატურა 222,000 °C-ს აჭარბებს.

პეპლის ფორმის პლანეტური ნისლეული NGC 6302

ფოტო: NASA/ESA

კომენტარები

ბოლო ამბები