Thumbnail

ნახეთ: კასპიის ზღვაში ტალახის ვულკანი ამოიფრქვა

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოს სანაპიროსთან ახლოს ტალახის ვულკანი გააქტიურდა, რასაც აალებადი ნივთიერების ამოფრქვევა და ძლიერი აფეთქება მოჰყვა. მოვლენის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა სხვადასხვა სოციალურ ქსელში გავრცელდა.

► ნახეთ: ისლანდიაში ლავით სავსე ვულკანის კრატერში დრონი ჩავარდა 

თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ აფეთქება კასპიის ზღვაში განლაგებულ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანიის (SOCAR) კუთვნილ ნავთობის ან ბუნებრივი აირის მომპოვებელ რომელიმე პლატფორმაზე მოხდა. მოგვიანებით გამოითქვა ვარაუდი, რომ მოვლენა ბუნებრივმა გეოლოგიურმა პროცესებმა გამოიწვია. SOCAR-ის წარმომადგენლების განცხადებით, ტალახის ვულკანი "უმიდის" სახელით ცნობილი ბუნებრივი აირის საბადოდან დაახლოებით 10 კილომეტრის დისტანციაზე ამოიფრქვა. აღსანიშნავია, რომ ეს პლატფორმა ბაქოს სანაპიროდან 75 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.

 

საბოლოოდ გაირკვა, რომ აფეთქება კასპიის ზღვაში განლაგებულ დაშლის კუნძულზე მდებარე ტალახის ვულკანის გააქტიურებას მოჰყვა. იქ ძლიერი ამოფრქვევები ბოლოს 1920 და 1945 წლებში დაფიქსირდა. აღნიშნულ არეალში კიდევ ერთი, "მაკაროვის მიწაყრილის" სახელით ცნობილი ტალახის ვულკანი მდებარეობს. ეს უკანასკნელი 1958 წელს გააქტიურდა, რის შედეგადაც წყალზე 500-600 მეტრი სიმაღლისა და 150 მეტრი სიგანის ცეცხლის ალის სვეტი წარმოიქმნა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი გეოლოგიური წარმონაქმნები, რომლებიც ტალახთან ერთად წყალს, აირს ან ნავთობს აფრქვევს, აზერბაიჯანში საკმაოდ ბევრია. როგორც ცნობილია, ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე მსოფლიოში ყველაზე მეტი, 350-მდე ტალახის ვულკანი მდებარეობს. მეცნიერებისთვის ამ დრომდე გაურკვეველია, რამ შეიძლება გამოიწვიოს მსგავსი მოვლენის დროს აფეთქება. ერთ-ერთი მოსაზრების მიხედვით, შესაძლოა, ლოდებმა და ქანებმა, რომლებიც სეისმური აქტივობის დროს მოძრაობას იწყებენ, ერთმანეთთან ხახუნის შედეგად ნაპერწკლების წარმოქმნას შეუწყონ ხელი.

► ნახეთ: დრონმა ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევა გადაიღო

რამდენიმე დღის წინ აფეთქება ატლანტის ოკეანეში მდებარე მექსიკის ყურეში, იუკატანის ნახევარკუნძულთან ახლოსაც მოხდა. კასპიის ზღვისგან განსხვავებით, იქ ცეცხლის გაჩენა მექსიკის ნავთობმომპოვებელი კომპანიის Pemex კუთვნილი ბუნებრივი აირის წყალქვეშა მილის დაზიანებამ გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ მის ჩაქრობას დაახლოებით ხუთი საათის განმავლობაში ცდილობდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები