Thumbnail

ასტრონომებმა ჩვენს გალაქტიკაში 100-ზე მეტი შავი ხვრელი აღმოაჩინეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ესპანეთში მდებარე ბარსელონას უნივერსიტეტსა და დიდ ბრიტანეთში განლაგებულ ედინბურგის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა ნიდერლანდელ კოლეგებთან ერთად ირმის ნახტომის გალაქტიკაში არსებულ ერთ-ერთ ვარსკვლავურ ჯგუფში ასზე მეტი დიდი ზომის შავი ხვრელი აღმოაჩინეს. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოცემაში Nature Astronomy ახლახან გამოქვეყნებულ ნაშრომშია წარმოდგენილი.

ნახეთ: შავი ხვრელის მიერ ნეიტრონული ვარსკვლავის შთანთქმა პირველად დააფიქსირეს

მრავალი ვარსკვლავისგან შედგენილი სფეროსებრი ჯგუფი, სახელად "პალომარ 5" დედამიწისგან 80 ათასი სინათლის წლითაა დაშორებული და ჩვენი გალაქტიკის ჰალოში მდებარეობს. ის დაახლოებით 10 მილიარდი წლისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ირმის ნახტომის განვითარების ადრეულ ეტაპზე წარმოიშვა და შედარებით ხნიერი მნათობებითაა სავსე, რომლებიც კოსმოსში უჩვეულოდ არიან გაფანტულები. ეს კი მსგავსი ობიექტებისთვის დამახასიათებელი არაა. ამასთან, მას სიკაშკაშით გამორჩეული ორი გრძივი შვერილი, ე.წ. კუდი აქვს, რომელსაც სისტემიდან გამოგდებული ვარსკვლავები ქმნიან.

სფეროსებრი ვარსკვლავური ჯგუფი "პალომარ 5". ფოტო: Martin Germano

"პალომარ 5"-ის შესახებ მეტის გასაგებად მკვლევრებმა კომპიუტერული სიმულაცია შექმნეს, რომლის მეშვეობითაც მისი ფორმირება, ასევე, თითოეული ვარსკვლავისა და მათი ორბიტების ევოლუცია შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ იქ შავი ხვრელების რაოდენობა თავდაპირველად შედარებით ნაკლები იყო, თუმცა ჯგუფიდან საკმაოდ ბევრი მნათობის გასვლამ და ზოგიერთი მათგანის აფეთქებამ ამ ობიექტების გამრავლება გამოიწვია. მათი და ახლომდებარე ვარსკვლავების გრავიტაციულმა ურთიერთქმედებამ კი ამ უკანასკნელთა უფრო დიდი ნაწილის გაგდება განაპირობა. შედეგად, "პალომარ 5"-ში ასზე მეტი შავი ხვრელი დარჩა, რომელთა საერთო მასა მთლიანი სისტემის მასის ოც პროცენტს შეადგენს.

მეცნიერებმა დედამიწასთან ყველაზე ახლოს მდებარე შავი ხვრელი აღმოაჩინეს

ნაშრომის ავტორები ფიქრობენ, რომ "პალომარ 5"-ის შვერილების წარმოქმნას სწორედ მსგავსმა პროცესმა შეუწყო ხელი. მათი ვარაუდით, კოსმოსში გავრცელებული ვარსკვლავური ნაკადები, შესაძლოა, ზუსტად ასეთი ჯგუფების დაშლის შედეგი იყოს. მათი თქმით, ეს ემუქრება აღნიშნულ სისტემასაც, რომელიც დაახლოებით 1 მილიარდ წელში მხოლოდ შავი ხვრელებისგან იქნება შედგენილი.

კომენტარები

ბოლო ამბები