Thumbnail

NASA-ს ვერტმფრენმა მარსზე რამდენიმე რეკორდი დაამყარა

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) მიერ მარსმავალ Perseverance-თან ერთად წითელ პლანეტაზე გაშვებულმა ვერტმფრენმა ციურ სხეულზე რიგით მეცხრე ფრენა შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ამ მისიის განმავლობაში აპარატმა გაცილებით უფრო ფართო არეალში მოძრაობა, ჰაერში მეტი დროის გატარება და სიჩქარის ახალი რეკორდის დამყარება შეძლო.

► ნახეთ: NASA-ს ვერტმფრენის მიერ მარსზე შესრულებული ფრენა 3D-ში

NASA-ს წარმომადგენლების განცხადებით, Ingenuity-ის სახელწოდებით ცნობილი ვერტმფრენი მარსზე მდებარე ჯეზეროს კრატერიდან აფრინდა და ციური სხეულის ატმოსფეროში საერთო ჯამში 166,4 წამი დაჰყო. ამ პერიოდის განმავლობაში 1,8 კილოგრამი წონის მქონე აპარატმა დაახლოებით 625 მეტრი მანძილი დაფარა და 5 მ/წმ სიჩქარის განვითარება შეძლო. აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული მისიის დროს ვერტმფრენს წითელი პლანეტის კლდოვანი რელიეფისთვის, რომელიც მისი კომპანიონი Perseverance-ისთვის ძნელად მისადგომია, სურათები უნდა გადაეღო. NASA-ს ეს ფოტომასალა ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია, მან მხოლოდ Ingenuity-ის სანავიგაციო კამერის მიერ დაფიქსირებული შავ-თეთრი გამოსახულება გაავრცელა, რომელიც მარსის ზედაპირზე ვერტმფრენის ჩრდილს გვიჩვენებს.

Ingenuity-ის მიერ მეცხრე ფრენის დროს გადაღებული სურათი, რომელზეც წითელი პლანეტის ზედაპირზე ვერტმფრენის ჩრდილია ასახული. ფოტო: NASA

ვერტმფრენმა, რომლის ღირებულებაც 85 მილიონი აშშ დოლარია, მარსზე პირველი ფრენა 19 აპრილს შეასრულა. ამ დროს Ingenuity ციური სხეულის ატმოსფეროში 3 მეტრის სიმაღლეზე ავიდა და იქ დაახლოებით 40 წამი გაატარა. 25 აპრილს განხორციელებული მეოთხე მისიისას აპარატმა წამში 2 მეტრის დაფარვა შეძლო და სიჩქარის პირველი რეკორდი დაამყარა. 30 აპრილს შესრულებული მეოთხე ფრენისას მან ეს მონაცემი გააუმჯობესა და ჰაერში 3,6 მ/წმ სიჩქარით გადაადგილდებოდა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, უკანასკნელი მისიის დროს ვერტმფრენმა სიჩქარის კიდევ უფრო გაზრდა შეძლო და ახალი რეკორდი დაამყარა. 

თავდაპირველი გეგმის მიხედვით, Ingenuity-ის მარსზე 31 დღის განმავლობაში საერთო ჯამში ხუთი ფრენა უნდა შეესრულებინა, თუმცა, ვინაიდან მან გამოცდა წარმატებით გაიარა, NASA-ში მისიების დამატების გადაწყვეტილება მიიღეს. აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულ სააგენტოში მომუშავე მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ მომავალში მსგავსი საფრენი აპარატები მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვებასა და წითელი პლანეტის უკეთ შესწავლაში დაგვეხმარება.

► მოუსმინეთ: ხმა, რომელსაც NASA-ს ვერტმფრენი მარსზე ფრენისას გამოსცემს

NASA-მ Ingenuity მარსმავალ Perseverance-თან ერთად წითელი პლანეტისკენ რაკეტით Atlas V ფლორიდის შტატში მდებარე კანავერალის კონცხიდან 2020 წლის 30 ივლისს გაუშვა. მისიის მიზანი, რომლის განსახორციელებლადაც საერთო ჯამში 2,7 მილიარდი აშშ დოლარი გამოიყო, მარსის გეოლოგიური მახასიათებლების შესწავლა და იქ მდებარე ჯეზეროს კრატერში სიცოცხლის არსებობის დამადასტურებელი ნიშნების მოძიებაა. მეცნიერთა ვარაუდით, რამდენიმე მილიარდი წლის წინ ამ ადგილზე ტბა და მდინარის დელტა იყო. აშშ-ის კოსმოსური სააგენტო მისიის ფარგლებში შეგროვებული ნიმუშების დედამიწაზე ჩამოტანას 2031 წლისთვის გეგმავს, რაც ისტორიაში პირველი მსგავსი შემთხვევა იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები