Thumbnail

ნახეთ: რობოტებისთვის შექმნეს ხელოვნური კანი, რომელსაც თვითაღდგენა შეუძლია

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

სინგაპურის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოღვაწე მეცნიერებმა ორწლიანი მუშაობის შემდეგ რობოტებისთვის შექმნეს ხელოვნური კანი, რომელიც ამა თუ იმ ნივთთან შეხებისას ზეწოლას "გრძნობს" და დაზიანების შემთხვევაში თვითაღდგენა შეუძლია. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters იუწყება.

რობოტებისთვის შექმნილი ხელოვნური კანი ზეწოლისას ლურჯდება

მედიის ცნობით, სტრუქტურით ქაფის მსგავსი ჭკვიანი მატერია ძლიერი ელასტიკურობით გამორჩეულ მაღალმოლეკულურ ნივთიერებას, პოლიმერს წარმოადგენს, რომელიც AiFoam-ის სახელითაა ცნობილი. მის დასამზადებლად მეცნიერებმა ერთმანეთს ფთოროპლასტი და სპეციალური ზედაპირულ-აქტიური ნაერთი შეურიეს, რომელიც ზედაპირის დაძაბულობას ამცირებს. პირველი მათგანის მეშვეობით ხელოვნური კანი 230 პროცენტით იწელება, მეორე კი მაღალი ტემპერატურის პირობებში დაზიანებული ადგილების ამოვსებას უწყობს ხელს.

 

AiFoam-ში ადამიანის კანის შეხებითი შეგრძნებების გადმოსატანად, მკვლევრებმა მასში ლითონის მიკროსკოპული ნაწილაკები შეურიეს, ხოლო მატერიის ზედაპირის ქვეშ მცირე ზომის ელექტროდები მოათავსეს. ზეწოლისას მოლეკულები პოლიმერის მატრიცას უახლოვდებიან და ელექტრულ მახასიათებლებს იცვლიან, რასაც კომპიუტერთან დაკავშირებული გამტარები აფიქსირებენ. ეს რობოტებს შესაძლებლობას აძლევს, მათზე მოქმედი ძალა და ამ უკანასკნელის მიმართულება გამოთვალონ.

მეცნიერებმა შექმნეს ხელოვნური კანი, რომელიც ტკივილს გრძნობს

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მათი მიგნება არა მხოლოდ მაღალგანვითარებული რობოტების, არამედ უკეთესი პროთეზების შექმნაშიც დაგვეხმარება, რაც ამგვარი მოწყობილობებით მოსარგებლე ადამიანების ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. სპეციალისტთა ვარაუდით, AiFoam-ის სხვადასხვა მიზნით გამოყენება უახლოეს ხუთ წელიწადში დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები