Thumbnail

ასტრონომებმა ახალი სახის უმძლავრესი კოსმოსური აფეთქება აღმოაჩინეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ავსტრალიის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აშშ-ის მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერები გერმანელ, შვედ და იტალიელ კოლეგებთან ერთად აცხადებენ, რომ ჩვენთვის ცნობილი ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო ვარსკვლავის წარმოშობა ახალი ტიპის კოსმოსურ აფეთქებას უკავშირდება. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოცემაში Nature გამოქვეყნებულ ნაშრომშია წარმოდგენილი.

ნახეთ: მზის უმძლავრესი ამოფრქვევა დაფიქსირდა

ვარსკვლავი, ოფიციალური სახელწოდებით SMSS J200322.54-114203.3, ირმის ნახტომის გალაქტიკის ჰალოში, დედამიწისგან 7,500 სინათლის წლის მოშორებით მდებარეობს. ის დიდი აფეთქებიდან დაახლოებით 1 მილიარდ წელში წარმოიქმნა და მსგავსი ობიექტებისგან განსაკუთრებული შემადგენლობა გამოარჩევს, რომლის შესახებაც მონაცემები სპეციალისტებმა ჩილეში განლაგებული ობსერვატორიიდან მოიპოვეს. მათი თქმით, მნათობი ისეთი მძიმე ლითონებითაა მდიდარი, როგორიცაა ოქრო და ურანი. ისინი კოსმოსში ნეიტრონული ვარსკვლავების შერწყმისას ფორმირდებიან, თუმცა ამგვარი შეჯახებები სამყაროს განვითარების ადრეული ეტაპისთვის არ იყო დამახასიათებელი. მეცნიერთა ჰიპოთეზის თანახმად, მათი წყარო სულ სხვა, ბევრად მასშტაბური მოვლენაა, რომელსაც მათ "მაგნიტომბრუნავი ჰიპერნოვა" დაარქვეს.

ვარსკვლავი, ოფიციალური სახელწოდებით SMSS J200322.54-114203.3 სურათის ცენტრშია ნაჩვენები. ფოტო: Da Costa

"მაგნიტომბრუნავი ჰიპერნოვა" ჩვეულებრივი ზეახალი ვარსკვლავის აფეთქებაზე 10-ჯერ მძლავრია. მას მზეზე დაახლოებით 25-ჯერ მასიური, სწრაფად მბრუნავი და ძლიერი მაგნიტური ველის მქონე მნათობის ბირთვის კოლაფსი იწვევს. შედეგად, დიდი რაოდენობით მძიმე ლითონები წარმოიქმნება, რომლებიც ძველის ადგილზე გაჩენილ ახალ ვარსკვლავში ერთიანდებიან. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ობიექტები დანარჩენი ქიმიური ელემენტების ნაკლებობას განიცდიან, რის გამოც მკვლევრები მათ პრიმიტიულს უწოდებენ. მაგალითად, SMSS J200322.54-114203.3-ის რკინის შემცველობა მზისას 3 ათასჯერ ჩამოუვარდება.

ასტრონომებმა განსხვავებული ტიპის ზეახალი ვარსკვლავი აღმოაჩინეს

ნაშრომის ავტორთა აზრით, უკანასკნელი მიგნება ცხადყოფს, რომ ჩვენს გალაქტიკაში მძიმე ლითონების არსებობა მხოლოდ ნეიტრონული ვარსკვლავების შერწყმით არ აიხსნება, არამედ მის უკან "მაგნიტომბრუნავი ჰიპერნოვაც" დგას. ისინი იმედოვნებენ, რომ ამ ფენომენის შესწავლა სამყაროში მიმდინარე პროცესებზე მეტ ინფორმაციას მოგვაწვდის.

კომენტარები

ბოლო ამბები