Thumbnail

მეცნიერებმა დაადგინეს, რატომ ჰგავს ზოგი ხანდაზმულის ტვინი 25 წლის ადამიანისას

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე ჩრდილო-აღმოსავლურ უნივერსიტეტსა და იმავე ქვეყანაში განლაგებულ მასაჩუსეტსის საერთო პროფილის საავადმყოფოში მომუშავე მეცნიერებმა დაადგინეს, რატომ ფუნქციონირებს 65 წელს გადაცილებული ზოგიერთი ხანდაზმულის ტვინი ისევე კარგად, როგორც 25 წლის ადამიანის. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოცემაში Cerebral Cortex ახლახან გამოქვეყნებულ ნაშრომშია წარმოდგენილი.

ტვინის ზოგიერთი უჯრედი ადამიანის სიკვდილის შემდეგ აქტიურდება

ასაკის მატებასთან ერთად ჩვენი ტვინი სუსტდება, რაც იქ მიმდინარე პროცესების შეფერხებას იწვევს. ეს დიდწილად მეხსიერებისა და სხვა გონებრივი შესაძლებლობების დაქვეითებაში გამოიხატება, თუმცა მსგავსი რამ ყველა ხანდაზმულზე არ ვრცელდება. არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომელთა ცენტრალური ნერვული სისტემა კოგნიტურ უნარებს სიბერეშიც ინარჩუნებს. იმის გასარკვევად, თუ როგორ ახერხებენ ისინი ამას, ნაშრომის ავტორებმა კვლევა ჩაატარეს, რომელშიც 81-მა ინდივიდმა მიიღო მონაწილეობა. 40 მათგანის საშუალო ასაკი 67 წელი იყო, დანარჩენი 41 მოხალისე კი 25 წლის გახლდათ.

ზოგიერთი ხანდაზმული ახალგაზრდების მსგავს მახსოვრობას თავის ტვინის მხედველობის ქერქში არსებული ნეირონების მეშვეობით ინარჩუნებს.

სპეციალისტებმა ექსპერიმენტში მონაწილეებს 80 სურათი აჩვენეს, რომელზეც ადამიანის სახე ან რაიმე სანახაობა იყო აღბეჭდილი. თითოეულს ზეთსართავი სახელი ახლდა, მაგალითად, ქალაქის ხედს "ინსდუსტრიული", მამაკაცს "ჩვეულებრივი" და ა.შ. ცდისპირები უნდა მიმხვდარიყვნენ, რამდენად შეესაბამებოდა ისინი ერთმანეთს. 10 წუთის შემდეგ მკვლევრებმა ყველა მათგანი ეკრანზე თავიდან გაუშვეს, 40 ახალი წყვილი დაამატეს, დანარჩენი 40 კი ცდისპირებს განსხვავებული კომბინაციით წარუდგინეს. ამ დროის განმავლობაში მათი ტვინის აქტივობას ფუნქციური მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი იწერდა.

მეცნიერებმა თაგვის ტვინში ახალი ტიპის უჯრედები აღმოაჩინეს

აღმოჩნდა, რომ ხანდაზმულებმა სურათები და თანდართული ზეთსართავი სახელები ახალგაზრდების მსგავსად დაიმახსოვრეს. ეს მათ თავის ტვინის მხედველობის ქერქში არსებული ნეირონების მეშვეობით შეძლეს, რომლებიც ჯგუფებად არიან დაყოფილები და სხვადასხვა კატეგორიაში შემავალ გამოსახულებებს ცალ-ცალკე ამუშავებენ. დაბერების პარალელურად ეს უნარი ნელ-ნელა იკარგება, თუმცა არა ყველა შემთხვევაში. მეცნიერებისთვის ჯერჯერობით უცნობია, რა განაპირობებს ამგვარ გამორჩეულობას. ამ საკითხზე მეტის გასაგებად ისინი მომავალში დამატებითი კვლევების ჩატარებას გეგმავენ.

კომენტარები

ბოლო ამბები