Thumbnail

ნახეთ: მილიარდერმა რიჩარდ ბრენსონმა ჯეფ ბეზოსს კოსმოსში გაფრენა დაასწრო

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ბრიტანელი მილიარდერი, რიჩარდ ბრენსონი მისიის Unity 22 ფარგლებში საკუთარი კომპანიის Virgin Galactic მიერ შექმნილი SpaceShipTwo ტიპის სუბორბიტული ხომალდით კოსმოსში გაფრინდა. ამით მან პირველობა მოიპოვა კონკურენტი მწარმოებლის, Blue Origin-ის დამფუძნებელ ჯეფ ბეზოსთან, რომელიც იმავე მარშრუტს 20 ივლისს შეასრულებს.

ნახეთ: Virgin Galactic-მა ტურისტული კოსმოსური ხომალდის ინტერიერი წარმოადგინა

Virgin Galactic-ის სადებიუტო სრულეკიპაჟიანი საცდელი მისია მიმდინარე წლის 11 ივლისს, თბილისის დროით 18:40 საათზე შედგა. VSS Unity-ის სახელით ცნობილი კოსმოსური თვითმფრინავი აშშ-ის ნიუ მექსიკოს შტატში განლაგებული კოსმოდრომიდან "ამერიკა" აპარატის VMS Eve მეშვეობით აფრინდა და ხმელეთიდან 86 კილომეტრ სიმაღლეს მიაღწია. ექვსმა მგზავრმა უწონადობაში დაახლოებით 4 წუთი გაატარა, რის შემდეგაც ხომალდი ისევ დედამიწისკენ დაიძრა და წარმატებული დაშვება განახორციელა.

"ეს ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო გამოცდილება იყო. ამ მომენტზე ბავშვობიდან ვოცნებობდი, თუმცა, გულწრფელად რომ ვთქვა, კოსმოსიდან დანახულმა დედამიწის ხედმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. მთელი მოგზაურობა მართლაც ჯადოსნური იყო", - განაცხადა რიჩარდ ბრენსონმა ფრენის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

მისიაში მონაწილეობა რიჩარდ ბრენსონის გარდა კიდევ ხუთმა ადამიანმა მიიღო. მათ შორის იყვნენ Virgin Galactic-ის ასტრონავტთა მთავარი ინსტრუქტორი ბეთ მოზესი, ინჟინერი კოლინ ბენეტი, კომპანიის სამმართველო საქმეებისა და კვლევითი სამუშაოების ვიცე პრეზიდენტი სირიშა ბანლა, ასევე, ორი პილოტი - დეივ მაქეი და მაიკ მასუჩი. სამ მათგანს, რომელიც კოსმოსში პირველად გაფრინდა, სპეციალური ემბლემაც გადაეცა. აღსანიშნავია, რომ კოსმოდრომზე სხვა სტუმრებთან ერთად SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკიც იმყოფებოდა, რომელმაც კოლეგას წარმატება უსურვა.

ჯეფ ბეზოსი Blue Origin-ის პირველ ეკიპაჟიან მისიაში მიიღებს მონაწილეობას

ეს Virgin Galactic-ისთვის რიგით მეოთხე ეკიპაჟიანი ფრენა იყო, თუმცა ამჯერად ის ასტრონავტებით სრულად გახლდათ დაკომპლექტებული. უახლოეს მომავალში კიდევ ორი საცდელი გაშვება იგეგმება, რის შემდეგაც, 2022 წლიდან, კომერციული მისიების განხორციელება დაიწყება. ამ მხრივ კომპანიის მთავარ კონკურენტს Blue Origin წარმოადგენს, რომელიც აპარატით New Shepard დედამიწის ორბიტაზე ტურისტების გაყვანას ისახავს მიზნად. ამ ხომალდით იქ ერთ-ერთი პირველი სულ მალე სწორედ ჯეფ ბეზოსი გაემგზავრება. ის ბევრად მაღლა ავა და ხმელეთიდან 100 კილომეტრზე მდებარე ე.წ. კარმანის ხაზს გადაკვეთს, რომელიც ჩვენი პლანეტის ატმოსფეროსა და კოსმოსს ერთმანეთისგან მიჯნავს.

კომენტარები

ბოლო ამბები