Thumbnail

იუპიტერის მთვარეზე სიცოცხლის ნიშნები ნახევარი მეტრის სიღრმიდან უნდა ვეძიოთ

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე ჰავაის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერები კალიფორნიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მოღვაწე კოლეგებთან ერთად აცხადებენ, რომ იუპიტერის მთვარე ევროპაზე გაგზავნილ ლენდერს იქ სიცოცხლის შესაძლო არსებობის დამადასტურებელი ნიშნების მოძიება სულ მცირე ნახევარი მეტრის სიღრმეზე მოუწევს. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოცემაში Nature Astronomy გამოქვეყნებულ ნაშრომშია წარმოდგენილი.

► იუპიტერის თანამგზავრ ევროპაზე, შესაძლოა, წყალქვეშა ვულკანები არსებობდეს

აქამდე ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით მეცნიერები აცხადებდნენ, რომ ბიომოლეკულები, რომლებიც ცოცხალ ორგანიზმებში გვხვდება, იუპიტერის ბუნებრივი თანამგზავრის ყინულოვანი ზედაპირის ქვეშ მინიმუმ 20 სანტიმეტრის სიღრმეზე უნდა მოგვეძებნა. მათი თქმით, ევროპაზე ძლიერი რადიაციის ზემოქმედების გამო სიცოცხლის არსებობის დამადასტურებელი ნიშნები ზედაპირთან უფრო ახლოს, დიდი ალბათობით, განადგურებული იქნება. ამერიკელმა სპეციალისტებმა აღნიშნული საკითხის უკეთ შესწავლა გადაწყვიტეს და კომპიუტერული მოდელი შექმნეს. ამ გზით მათ იუპიტერის მთვარეზე, რომელსაც საკმაოდ თხელი ატმოსფერო აქვს, სხვადასხვა სახის ზემოქმედების შედეგებზე დაკვირვება შეძლეს.

იუპიტერის ბუნებრივი თანამგზავრი ევროპა. ფოტო: NASA

ახალი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ჩვენი მზის სისტემის უდიდესი პლანეტის ბუნებრივ თანამგზავრზე ბიომოლეკულები, რომლებიც იქ სიცოცხლის არსებობას დაადასტურებს, ციური სხეულის ზედაპირიდან მხოლოდ ნახევარი მეტრის სიღრმეზე და უფრო მოშორებით გადარჩებოდნენ. მეცნიერები დიდი ხანია ვარაუდობენ, რომ ევროპის რამდენიმე კილომეტრი სისქის მქონე ყინულოვანი გარსის ქვეშ ოკეანეა მოქცეული. ისინი იუპიტერის მთვარეზე სიცოცხლის გაჩენის წინაპირობად სწორედ ამ უკანასკნელს მიიჩნევენ. სპეციალისტების აზრით, ბუნებრივ თანამგზავრზე მიმდინარე ქიმიური პროცესების შედეგად ევროპის ოკეანეში დროთა განმავლობაში ქლორიდის შემცველობა გაიზარდა და ის დედამიწის ოკეანეებს დაემსგავსა, რის გამოც ამ გარემოში სიცოცხლის არსებობა მოულოდნელი არ იქნება. 

► იუპიტერის მთვარეზე სიცოცხლის შესაძლო არსებობის ახალი მტკიცებულება მოიპოვეს

აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტო (NASA) ევროპისკენ კოსმოსური ზონდის Europa Clipper გაგზავნას აპირებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მისიის განხორციელება, რომლის მიზანიც იუპიტერის ბუნებრივ თანამგზავრზე დაკვირვება და მის ზედაპირზე ლენდერის დასაჯდომად ხელსაყრელი ადგილების შერჩევა იქნება, 2024 წლისთვის იგეგმება.  

კომენტარები

ბოლო ამბები