Thumbnail

მეტეორიტში აღმოჩენილი იზოტოპები დედამიწაზე წყლის წარმომავლობას ჰფენს ნათელს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ახალ ზელანდიის ქალაქ უელინგტონში მდებარე დედოფალ ვიქტორიას სახელობის უნივერსიტეტში, ასევე, აშშ-ის კალიფორნიისა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტებში მომუშავე მეცნიერებმა მეტეორიტში დიდი რაოდენობით სტრონციუმის იზოტოპები აღმოაჩინეს, რაც დედამიწის ფორმირებისა და მასზე წყლის გაჩენის შესახებ ახალ ინფორმაციას გვაწვდის. ამის შესახებ ისინი გამოცემაში Science Advances გამოქვეყნებულ ნაშრომში წერენ.

მეცნიერებმა მეტეორიტში თხევადი წყალი აღმოაჩინეს

კვლევის ფარგლებში სპეციალისტებმა ხმელეთზე 1969 წელს ჩამოცვენილი ალენდეს სახელით ცნობილი მეტეორიტის ფრაგმენტები, კერძოდ კი მათში არსებული კალციუმითა და ალუმინით მდიდარი კოსმოსური მტვრის მარცვლების შემადგენლობა შეისწავლეს. ისინი ჩვენს მზის სისტემაზე ადრე წარმოიქმნენ და ე.წ. პლანეტოშენადედებად შეჯგუფდნენ. აღმოჩნდა, რომ ამ მატერიაში სტრონციუმ-84-ად წოდებული იზოტოპების უჩვეულოდ მაღალი კონცენტრაციაა, რომლებიც ნუკლეოსინთეზისას, ანუ P პროცესების დროს გამოიყოფიან.

ალენდეს მეტეორიტის ფრაგმენტში არსებული კალციუმითა და ალუმინით მდიდარი კოსმოსური მტვრის ინკლუზია. ფოტო: Caltech

სტრონციუმ-84-ის რაოდენობის გამოთვლით მისი შემცველი მატერიის სიძველის და სხვა მახასიათებლების დადგენაა შესაძლებელი. ამისთვის მისი და რუბიდიუმ-87-ის თანაფარდობა უნდა გაირკვეს. ეს უკანასკნელი უმეტესწილად წყლის მსგავს ადვილად აქროლვად ნაერთებთან ერთად გვხვდება, მაღალ ტემპერატურაზე კი სტრონციუმის იზოტოპად გარდაიქმნება. თუ დედამიწა წყლით მდიდარი პლანეტოშენადედების გაერთიანების შედეგად გაჩნდა, მაშინ ეს ელემენტი უხვად უნდა იყოს შემორჩენილი, რაც მართლაც ასეა.

წყნარი ოკეანის ფსკერზე არამიწიერი წარმომავლობის ქიმიური ელემენტი აღმოაჩინეს

მეცნიერთა განცხადებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი პლანეტა ფორმირებისას ბევრ წყალს შეიცავდა, რომლის დიდი ნაწილიც ციური სხეულის განვითარების პირველ რამდენიმე მილიონ წელში აორთქლდა. მკვლევართა აზრით, ახალი მიგნება დედამიწისა და მთლიანი მზის სისტემის ჩამოყალიბების, ასევე, ამის წინმსწრები პროცესების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის.

კომენტარები

ბოლო ამბები