Thumbnail

ირანის მთავრობამ გაცნობის აპლიკაცია შექმნა

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ირანის ხელისუფლებამ გაცნობის აპლიკაცია წარადგინა, რომელიც ქვეყანაში ქორწინებათა ხელშესაწყობად არის გამიზნული. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში შუა აღმოსავლეთის რეგიონში განლაგებულ ამ ისლამურ სახელმწიფოში განქორწინებების რიცხვმა მკვეთრად იმატა, შობადობის მაჩვენებელი კი მნიშვნელოვნად შემცირდა.

► Facebook-მა წყვილებისთვის შექმნილი აპლიკაცია გამოუშვა

გაცნობის აპლიკაცია, სახელწოდებით Hamdan, რაც სპარსულ ენაზე "პარტნიორს" ნიშნავს, თებიანის კულტურის ინსტიტუტში მომუშავე სპეციალისტებმა შექმნეს. როგორც ცნობილია, მის გამოყენებას მხოლოდ დასაოჯახებელი პირები შეძლებენ, რომლებსაც დაქორწინების სურვილი აქვთ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცხოვრების მეგზურის მოძებნამდე მომხმარებლებს საკუთარი ვინაობის დამოწმება და ფსიქოლოგიური ტესტის გავლა მოუწევთ. როდესაც წყვილი შედგება, მათი ოჯახები ერთმანეთს აპლიკაციის დახმარებით გაიცნობენ. ქორწინების შემდეგ კი ახალდაოჯახებულებს სპეციალური კონსულტანტები ოთხი წლის განმავლობაში დააკვირდებიან. მართალია, გაცნობის აპლიკაციები ირანში დიდი პოპულარობით სარგებლობს, თუმცა Hamdan მათ შორის ერთადერთი ლეგალური პროგრამა იქნება. 

გაცნობის აპლიკაციის Hamdan გამოყენებას მხოლოდ დასაოჯახებელი პირები შეძლებენ.

ირანის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში 2020 წლის მარტიდან დეკემბრამდე დროის პერიოდში 307,300-მა წყვილმა იქორწინა, ხოლო 99,600 განქორწინდა. ამავე წელს ისლამურ სახელმწიფოში მოსახლეობის პოპულაცია 1,29 პროცენტით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ირანის მოსახლეობის ნახევარზე მეტის ასაკი 35 წელს არ აღემატება. ამის მიუხედავად, ქვეყნის ხელისუფლება შიშობს, რომ, თუ ერის გამრავლებისთვის შესაბამის ნაბიჯებს არ გადადგამენ, მომდევნო სამ ათწლეულში ის დემოგრაფიული დაბერების სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.

► ჩინეთში შობადობის მაჩვენებელი 15 პროცენტით შემცირდა

მიმდინარე წლის მარტში ირანის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც მთავრობას ავალდებულებს ახალდაქორწინებულები და წყვილები, რომლებსაც ორზე მეტი შვილი ჰყავთ ფინანსურად წაახალისონ. ის მეურვეთა საბჭოს მიერ ჯერჯერობით არ დამტკიცებულა. ასევე, აღსანიშნავია, რომ გასული წლიდან ქვეყანაში ვაზექტომია, ქირურგიული ოპერაცია მამაკაცთა სტერილიზაციის მიზნით აღარ ტარდება, კონტრაცეპტივებს კი მხოლოდ იმ ქალებს სთავაზობენ, რომელთა ჯანმრთელობასაც სხვა შემთხვევაში შესაძლოა საფრთხე დაემუქროს.

კომენტარები

ბოლო ამბები