Thumbnail

ახალი მეტაქსოვილი სხეულს თითქმის 5°C-ით აგრილებს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ჩინეთში მდებარე ჰუაჯონგის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მომუშავე სპეციალისტებმა ამავე ქვეყნის კვლევით დაწესებულებებში მოღვაწე კოლეგებთან ერთად შექმნეს მეტაქსოვილი, რომელსაც ადამიანის სხეულის თითქმის 5°C-ით გაგრილება შეუძლია. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოცემაში Science ახლახან გამოქვეყნებულ ნაშრომშია წარმოდგენილი.

ჩინეთში მყინვარს დნობის შესაჩერებლად თერმოსაიზოლაციო ქსოვილი გადააფარეს

დედამიწაზე კლიმატის ცვლილების პარალელურად ტემპერატურა საგრძნობლად იმატებს, რის გამოც მეცნიერები შიშობენ, რომ ცოტა ხანში კაცობრიობას გაუსაძლის სიცხეში მოუწევს ცხოვრება. მის დასაძლევად ჩინელმა მკვლევრებმა ახალი ტიპის ქსოვილი დაამზადეს. მათ ტიტანის ოქსიდის პოლილასტიკური მჟავის ნაერთის ნანონაწილაკები გამოიყენეს, რომლებიც პოლიტეტრაფთოროეთილენის თხელი ფენით გადაფარეს. შედეგად მიღებული მატერია ხილული, ულტრაიისფერი და ინფრაწითელი სპექტრის სინათლეს აქტიურად ირეკლავს. შესაბამისად, სითბოს არ ატარებს, რადგან მის შთანთქვას ვერ ასწრებს.

მეცნიერებმა შექმნეს მეტაქსოვილი, რომელსაც ადამიანის სხეულის  გაგრილება შეუძლია.

ნაშრომის ავტორებმა ახალი მატერია გუანდუნის პროვინციის ქალაქ გუანჯოუში გამოსცადეს. დღის 11:00-დან 15:00 საათამდე მზის დასხივებისას ის ხუთ სხვა ქსოვილთან შედარებით, 5.0°C-ით, 6.8°C-ით, 7.0°C-ით, 5.8°C-ით და 10.2°C-ით გრილი იყო. შემდეგ ექსპერიმენტში მათ მოხალისეს ჟილეტი ჩააცვეს, რომლის ერთი მხარე ბამბით, მეორე მხარე კი სიცხისგან დამცავი ნაჭრით შეკერეს. გარე თერმულმა კამერებმა 3.4°C-იანი სხვაობა დააფიქსირა, შიგნით კი ამ მაჩვენებელმა 4.8°C-ს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ დაბალი ტემპერატურის შენარჩუნება მანქანაშიც მოხერხდა, რომელიც სპეციალური გადასაფარებლის მეშვეობით 30°C-ით გაგრილდა.

მეცნიერებმა ჭკვიანი ტანსაცმელი შექმნეს, რომელიც ენერგიას ზოგავს

მეცნიერთა განცხადებით, მათ მიერ შექმნილი ქსოვილი მრავალი დანიშნულებით შეგვიძლია გამოვიყენოთ, მათ შორის ტანსაცმლის შესაკერად. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, რამდენად დაიცავს ის მოძრავ ადამიანს ან დაკარგავს თუ არა ეფექტიანობას სხვადასხვა ფერად შეღებვისას. ისინი ვარაუდობენ, რომ მისი წარმოება ძვირი არ დაჯდება და უახლოეს მომავალში პარტნიორების მოძიების შემთხვევაში, ინოვაციური პროდუქტი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი მომდევნო წლიდან იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები