Thumbnail

ასტრონომებმა ეგზოპლანეტის ატმოსფეროში იზოტოპები პირველად აღმოაჩინეს

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ნიდერლანდებში განლაგებულ ლეიდენის უნივერსიტეტსა და გერმანიაში მდებარე მაქს პლანკის სახელობის ინსტიტუტში მომუშავე ასტრონომებმა კოლეგებთან ერთად ეგზოპლანეტის ატმოსფეროში იზოტოპები აღმოაჩინეს, რაც პირველი მსგავსი შემთხვევაა. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოცემაში Nature გამოქვეყნებულ ნაშრომშია წარმოდგენილი.

► მეტეორიტში აღმოჩენილი იზოტოპები დედამიწაზე წყლის წარმომავლობას ჰფენს ნათელს

მეცნიერებმა ნახშირბადის იზოტოპები, კერძოდ კი ნახშირბად-13 ჩვენგან დაახლოებით 300 სინათლის წლით დაშორებული ეგზოპლანეტის TYC 8998-760-1 b ატმოსფეროში შენიშნეს. ამაში მათ ჩილეში მდებარე ატაკამის უდაბნოში განლაგებულ, სამხრეთ ნახევარსფეროში ასტრონომიული კვლევების ევროპულ ორგანიზაციის (ESO) კუთვნილ ტელესკოპზე VLT დამონტაჟებული სპექტროგრაფი SINFONI დაეხმარა. ხელსაწყომ ასტრონომებს სპექტრის სინათლესა და მისი შთანთქმის პროცესზე დაკვირვების საშუალება მისცა. ამ მოვლენის დროს სპექტრში მუქი ხაზები ჩნდება, რაც კონკრეტული ელემენტის მიერ სინათლის გარკვეული ტალღის სიგრძის შთანთქმით არის განპირობებული.

TYC 8998-760-1 b-ზე დაკვირვებისას მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ეგზოპლანეტის მიერ სპექტრის სინათლის შთანთქმის პროცესში ნახშირბად-13 მონაწილეობს.

TYC 8998-760-1 b-ზე დაკვირვებისას მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ეგზოპლანეტის მიერ სპექტრის სინათლის შთანთქმის პროცესში ნახშირბად-13 მონაწილეობს, რომელიც ციური სხეულის გარშემო არსებულ მხუთავ აირში, ნახშირბადის მონოქსიდშია თავმოყრილი. როგორც ცნობილია, ერთი და იგივე ელემენტის იზოტოპები პროტონებისა და ელექტრონების რაოდენობით ერთმანეთს ჰგვანან, თუმცა ნეიტრონების რიცხვით განსხვავდებიან. ეს მათ განსხვავებულ პირობებში ფორმირებასა და განვითარებაზე მიანიშნებს. აქედან გამომდინარე, ასტრონომები ფიქრობენ, რომ TYC 8998-760-1 b-ის ატმოსფეროში არსებული ნახშირბად-13, რომელიც იქ მოსალოდნელზე ორჯერ მეტი აღმოჩნდა, იმის გარკვევაში დაგვეხმარება, თუ როგორ გარემოში ჩამოყალიბდა ეს ციური სხეული.

აღსანიშნავია, რომ ეგზოპლანეტა, რომელიც ჯერ კიდევ 2019 წელს აღმოაჩინეს, საკუთარი მნათობისგან 160 ასტრონომიული ერთეულით არის დაშორებული. შედარებისთვის, პლუტონი ჩვენი მზისგან დაახლოებით 40 ასტრონომიული ერთეულის დისტანციაზე გადაადგილდება. სპეციალისტების გამოთვლებით, TYC 8998-760-1 b-ის მასა იუპიტერისას 14-ჯერ აღემატება და ეგზოპლანეტა ამ უკანასკნელზე ორჯერ უფრო დიდია. ასტრონომების აზრით, ციური სხეულის ატმოსფეროში ნახშირბად-13-ის მაღალი კონცენტრაცია ვარსკვლავიდან მისი შორეული მდებარეობით არის განპირობებული. მათი განმარტებით, TYC 8998-760-1 b, სავარაუდოდ, იმ რეგიონში ჩამოყალიბდა, სადაც ნახშირბადის მონოქსიდი კონდენსირდება და აირი ყინულად იქცევა. მნათობიდან მსგავს დისტანციაზე ყინულის წარმოქმნაში კი, მეცნიერთა განცხადებით, შესაძლოა, უფრო დიდი რაოდენობით ნახშირბად-13 მონაწილეობდეს.

► ასტრონომებმა იუპიტერის მსგავსი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს

ასტრონომები კვლევების გაგრძელებას გეგმავენ და იმედი აქვთ, რომ გაუმჯობესებული ტელესკოპების მეშვეობით მომავალში იზოტოპებს სხვა ეგზოპლანეტების ატმოსფეროშიც აღმოაჩენენ. მათი განცხადებით, ეს ციური სხეულების ჩამოყალიბებისა და განვითარების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებაში დაგვეხმარება.

კომენტარები

ბოლო ამბები