Thumbnail

გენმოდიფიცირებული ბაქტერიების შემცველი ცხვირის წვეთები მენინგიტისგან დაგვიცავს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

დიდ ბრიტანეთში მდებარე ოქსფორდისა და საუთჰემპტონის უნივერსიტეტებში მომუშავე მეცნიერებმა იმავე ქვეყნის სხვადასხვა კვლევით დაწესებულებაში მოღვაწე კოლეგებთან ერთად გენმოდიფიცირებული ბაქტერიების შემცველი ცხვირის წვეთები შექმნეს, რომელიც მენინგიტის გამომწვევ მიკროორგანიზმებს ებრძვის. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოცემაში Science Translational Medicine ახლახან გამოქვეყნებულ ნაშრომშია წარმოდგენილი.

ცხვირის ახალი სპრეი თვითმკვლელობაზე ფიქრებს აქრობს

მენინგიტი საკმაოდ მძიმე დაავადებაა, რომლის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი Neisseria meningitidis-ის სახელით ცნობილი ბაქტერიაა. ის ზრდასრული ადამიანების 10 პროცენტში გვხვდება, მათ ნესტოებსა და ყელში ბინადრობს, ზოგჯერ კი სისხლში აღწევს. შედეგად, სხეულში მენინგოკოკური ინფექცია ვითარდება, რომელიც მწვავე ფორმებში მიმდინარეობს და მაღალი სიკვდილიანობა ახასიათებს. ამის თავიდან ასაცილებლად, სპეციალისტებმა Neisseria lactamica-დ წოდებული "მეგობრული" მიკრობები გამოიყენეს, რომლებიც ასევე ცხვირის მიდამოში არიან გავრცელებული. მკვლევრებმა მათ ზედაპირული ცილის გენი შეუყვანეს. ესაა წანაზარდი, რომლის მეშვეობითაც ბაქტერიები ნაზალურ უჯრედებს ემაგრებიან. ამ შემთხვევაში, ის ანტიგენის მსგავსად მოქმედებს და იმუნურ სისტემას პათოგენთან საბრძოლველად ანტისხეულების გამომუშავებაში ეხმარება.

Neisseria meningitidis-ის სახელით ცნობილი ბაქტერია. ფოტო: Getty Images

გენმოდიფიცირებული Neisseria lactamica-ს შემცველი ცხვირის წვეთები მეცნიერებმა ჯამში 26 მოხალისეზე გამოსცადეს. მათ მიერ გასაჯაროვებული მონაცემების თანახმად, ექსპერიმენტში მონაწილე ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობის ნესტოებში ეს ბაქტერიები 28 დღის შემდეგაც არსებობდნენ, ცდისპირთა 86 პროცენტში კი 90 დღეშიც ფიქსირდებოდნენ. ამის გარდა, პრევენციულმა პრეპარატმა მათ ორგანიზმში ძლიერი იმუნური რეაქციის წარმოქმნაც განაპირობა. აღსანიშნავია, რომ კვლევის ფარგლებში მძიმე გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა.

მალხენი აირის მცირე დოზა დეპრესიას შველის

ნაშრომის ავტორთა განცხადებით, მსგავსი მეთოდი სიცოცხლისთვის საშიში სხვა ინფექციების თავიდან ასაცილებლადაც გამოგვაგება. ისინი ფიქრობენ, რომ ამგვარად გარდაქმნილ ბაქტერიებში შეგვიძლია ნებისმიერი ანტიგენი გავააქტიუროთ და ისინი მოლუკულურ თერაპიაშიც გამოვიყენოთ.

კომენტარები

ბოლო ამბები