Thumbnail

ასტრონომებმა ორი ახლომდებარე ვარსკვლავის გარშემო პლანეტური სისტემები აღმოაჩინეს

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) ეიმსის კვლევით ცენტრში, სამხრეთ ქვინსლენდის უნივერსიტეტსა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერებმა სხვადახვა დაწესებულებაში მოღვაწე ასტრონომებთან ერთად ორი ახლომდებარე ვარსკვლავის გარშემო პლანეტური სისტემები აღმოაჩინეს. ამის შესახებ მათი ნაშრომი გამოცემაში Astronomical Journal გამოქვეყნდა.

► ასტრონომებმა დედამიწასთან ახლოს ახალი პლანეტური სისტემა აღმოაჩინეს

სპეციალისტებმა ჩვენგან დაახლოებით 130 სინათლის წლით დაშორებული K ტიპის ნარინჯისფერი ჯუჯა ვარსკვლავების TOI-2076 და TOI-1807 მიმდებარედ საერთო ჯამში ოთხ ეგზოპლანეტას მიაკვლიეს. ამაში მათ დედამიწის ორბიტაზე გაშვებული NASA-ს კუთვნილი ტელესკოპი TESS დაეხმარა. აღსანიშნავია, რომ ასტრონომებმა 2017 წელს ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) ზონდის Gaia მეშვეობით დაადგინეს, რომ ორი მნათობი, რომელთა შორის დისტანცია 30 სინათლის წელს შეადგენს, კოსმოსში ერთი მიმართულებით გადაადგილდება. მეცნიერების განცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა, ობიექტები ერთმანეთის გარშემო, ორბიტაზე მოძრაობდნენ, თუმცა ვარსკვლავების გადაადგილების ერთნაირი ტრაექტორია, შესაძლოა, იმაზე მიანიშნებდეს, რომ ისინი აირის ერთი ღრუბლიდან წარმოიშვნენ.

ილუსტრაციაზე ეგზოპლანეტა TOI-1807b არის ნაჩვენები. ფოტო: Chris Smith 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, TOI-2076-ის გარშემო სამი ეგზოპლანეტა - TOI-2076b, TOI-2076c და TOI-2076d მოძრაობს. მათ შორის, საკუთარ მნათობთან ყველაზე ახლომდებარე TOI-2076b დედამიწას სიდიდით 3,3-ჯერ აღემატება. მისი ორბიტული პერიოდი 10,4 დღეს შეადგენს. TOI-2076c ჩვენს პლანეტაზე 4,4-ჯერ, TOI-2076d კი 4,1-ჯერ უფრო დიდია. მნათობის გარშემო შემოვლას ორივე მათგანი მაქსიმუმ 17 დღეს ანდომებს. რაც შეეხება მეორე ვარსკვლავს, TOI-1807-ის მიმდებარედ მხოლოდ ერთი ეგზოპლანეტა, TOI-1807b მოძრაობს. ეს უკანასკნელი დედამიწას სიდიდით 1,8-ჯერ აჭარბებს, მისი ორბიტული პერიოდი კი 13 დღეს შეადგენს.

► ასტრონომებმა ორი გიგანტური ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს 

ორივე პლანეტურ სისტემაში შემავალი ციური სხეულები განვითარების ადრეულ ეტაპზე არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი ატმოსფერო ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია. მეცნიერების გამოთვლებით, TOI-2076b საკუთარი ვარსკვლავისგან 400-ჯერ, TOI-1807b კი 22,000-ჯერ უფრო ინტენსიურ ულტრაიისფერ გამოსხივებას იღებს, ვიდრე დედამიწა ჩვენი მზისგან.

ასტრონომების განცხადებით, ახალგაზრდა პლანეტური სისტემების აღმოჩენა და მათი გამოკვლევა ციური სხეულების ჩამოყალიბებისა და განვითარების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებაში დაგვეხმარება. 

კომენტარები

ბოლო ამბები