Thumbnail

მეცნიერებმა "მიცვალებულთა წიგნის" ორი ფრაგმენტი გააერთიანეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ახალ ზელანდიაში მდებარე კენტერბერის უნივერსიტეტთან არსებულ ტისის ანტიკური ხანის მუზეუმსა და აშშ-ში განლაგებულ გეტის კვლევით ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერებმა ეგვიპტელი მუმიის სახვევის სახით შემორჩენილი "მიცვალებულთა წიგნის" ორი ფრაგმენტი ციფრულად შეაერთეს.

ეგვიპტეში პაპირუსზე დაწერილი "მიცვალებულთა წიგნის" ერთ-ერთი თავი აღმოაჩინეს

"მიცვალებულთა წიგნი" ძველეგვიპტურ ტექსტებს მოიცავს. მათ შორისაა მაგიური შელოცვები, რომლებიც, ხალხის რწმენით, გარდაცვლილებს იმქვეყნიურ სამყაროში გზის გაგნებაში ეხმარებოდა. მას თავდაპირველად სამეფო დინასტიების წარმომადგენელთა სამარხების კედლებზე გამოსახავდნენ. მოგვიანებით, იმავე შინაარსის იეროგლიფებით გაფორმებულ პაპირუსსა და სელის ქსოვილში დაბალი ფენის ადამიანების მუმიების გახვევაც დაიწყეს, რაც დიდ შრომასა და ძალისხმევას მოითხოვდა. სპეციალისტებმა სწორედ მსგავსი გრაგნილის ერთ-ერთი ნაწილის გაერთიანება შეძლეს, რომლის შემადგენელი ფრაგმენტებიც ერთმანეთისგან რამდენიმე ათასი კილომეტრის მოშორებით ინახებოდა - პირველი ახალ ზელანდიაში, მეორე კი ჩრდილოეთ ამერიკაში.

"მიცვალებულთა წიგნის" ციფრულად შეერთებული ფრაგმენტები. ფოტო: University of Canterbury.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ტისის ანტიკური ხანის მუზეუმის თანამშრომლებმა ონლაინ კატალოგში მათ ხელთ არსებული სეგმენტი ატვირთეს. გეტის კვლევით ინსტიტუტში მოღვაწე ისტორიკოსებს კი ის ეცნოთ და აღმოაჩინეს, რომ მისი მეორე ნაწილი ჰქონდათ. მათმა შეერთებამ აჩვენა, რომ სელის ქსოვილებზე დატანილი შელოცვები და ნახატები ერთმანეთს ლოგიკურად ებმოდა და მთლიანობას ქმნიდა. თითოეულ მათგანზე სხვადასხვა ტექსტსა და სურათს ვხვდებით. მათ შორისაა ყასბები, რომლებიც შესაწირად ხარს კლავენ და ადამიანები, რომლებიც ეგვიპტის ნომების, ანუ ადმინისტრაციული ერთეულების სიმბოლოებს ატარებენ. ასევე, დამკრძალავი ნავი ქალღმერთ ნეფტიდას და მისი დის, ისიდას ფიგურებით, ერთგვარი მარხილი სიკვდილის ღმერთ ანუბისის გამოსახულებით და სხვა.

ნახეთ: ეგვიპტეში პრედინასტიური პერიოდის სამარხები აღმოაჩინეს

როგორც ცნობილია, ეს ფრაგმენტები იმ გრაგნილიდანაა, რომელიც 2300 წლის წინ მცხოვრები მამაკაცის, სახელად პეტოსირისის მუმიას ჰქონდა შემოხვეული. მათ გარდა კიდევ მრავალი მსგავსი არტეფაქტია დანაწევრებული და მთელ მსოფლიოში გაბნეული. მეცნიერთა აზრით, ეს სერიოზულ ეთიკურ პრობლემას ქნის და ნიმუშების შეგროვების პროცესს ართულებს.

კომენტარები

ბოლო ამბები