Thumbnail

NASA-ს ხომალდი Lucy კოსმოსში "დროის კაფსულას" წაიღებს

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) ხომალდი Lucy კოსმოსში "დროის კაფსულას" წაიღებს, რომელიც ჩვენს შორეულ შთამომავლებს თანამედროვე კაცობრიობისგან გზავნილს გადასცემს. როგორც ცნობილია, აპარატზე დამონტაჟებულ ლითონის ფირფიტაზე ნობელის პრემიის ლაურეატების, მწერლების, პოპულარული მუსიკოსებისა და სხვა ცნობილი ადამიანების ციტატები იქნება ამოტვიფრული.

► ნახეთ: Blue Origin-მა კოსმოსში დინოზავრის ძვლები გაგზავნა

გეგმის მიხედვით, კომპანია Lockheed Martin-ის მიერ შექმნილ ხომალდს კოსმოსში რაკეტით Atlas V 401 ფლორიდის შტატში მდებარე კანავერალის კონცხიდან მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს გაუშვებენ. მისიის მიზანი იუპიტერის გარშემო მოძრავ ტროას ასტეროიდთა ჯგუფზე დაკვირვებაა, რომელიც სპეციალისტების ვარაუდით, ჩვენი მზის სისტემის განვითარების ადრეული ეტაპის შესახებ საინტერესო ინფორმაციას ინახავს. იქიდან გამომდინარე, რომ აშშ-ის კოსმოსური სააგენტო Lucy-ის უკან, დედამიწაზე დაბრუნებას არ აპირებს, NASA-ში მომუშავე მეცნიერებმა გადაწყვიტეს, მისთვის "დროის კაფსულა" გაეტანებინათ.

ლითონის ფირფიტა, რომელსაც ხომალდით Lucy კოსმოსში გაუშვებენ. ფოტო: NASA

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლითონის ფირფიტაზე ისეთი ცნობილი ადამიანების ფრაზები იქნება ამოტვიფრული, როგორებიც სამოქალაქო უფლებების დამცველი მარტინ ლუთერ კინგი, ფიზიკოსი ალბერტ აინშტაინი, მწერალი კაზუო იშიგურო, ასევე, პოპულარული მუსიკალური ჯგუფის, "ბითლზის" წევრები ჯონ ლენონი, პოლ მაკკარტნი, ჯორჯ ჰარისონი და რინგო სტარი არიან. ამის გარდა, "დროის კაფსულა" კოსმოსში დიაგრამას წაიღებს, რომელზეც Lucy-ის გაშვების დროს ჩვენი მზის სისტემის პლანეტების განლაგება იქნება ნაჩვენები. NASA-ს წარმომადგენლების განცხადებით, ის მომავალ ასტრო-არქეოლოგებს იმის დადგენაში დაეხმარება, თუ ზუსტად სად ვიყავით, როდესაც ხომალდით გზავნილი გავუშვით.

► ფანტასტი მწერლის, ართურ კლარკის დნმ-ს მთვარეზე გაგზავნიან

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ "დროის კაფსულები", ასევე, ხომალდებს Pioneer 10 და Pioneer 11 გაატანა. პირველი კოსმოსში 1972 წლის 2 მარტს გაუშვეს, მეორე კი 1973 წლის 5 აპრილს. დედამიწიდან გზავნილი მოგვიანებით Voyager-ის ტიპის ზონდებმაც წაიღეს. იქიდან გამომდინარე, რომ ეს აპარატები Lucy-ისგან განსხვავებით უფრო შორეული კოსმოსში გადაადგილდებიან, NASA-მ მათ შეტყობინება არამიწიერი ცივილიზაციისთვის გაატანა.  

კომენტარები

ბოლო ამბები