Thumbnail

ნახეთ: Perseverance-მა მარსზე ფილაქნების მსგავსი ქვები აღმოაჩინა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) მიერ წითელ პლანეტაზე გაგზავნილმა მარსმავალმა Perseverance ციურ სხეულზე ახალი ტიპის ქვები დააფიქსირა, რომლებიც ფილაქნებს მოგვაგონებს. მათი ამსახველი კადრები როვერის მისიისადმი მიძღვნილ ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

ნახეთ: ჩინურმა როვერმა Zhurong მარსზე ახალი ფოტოები გადაიღო

Perseverance-მა ქვები ჯეზეროს კრატერის დასავლეთ ნაწილში მდებარე, Séítah-ის სახელით ცნობილ არეალში აღმოაჩინა, რომელსაც ის სულ ახლახან ესტუმრა. ეს რეგიონი ქვიშის დიუნებითა და ფენოვანი ქანებით არის მოცული. მეცნიერთა ვარაუდით, რამდენიმე მილიარდი წლის წინ ამ უზარმაზარი ღრმულის ადგილზე ტბა და მდინარის დელტა იყო. მათი აზრით, სწორედ მსგავსი ბუნებრივი რეზერვუარის ფსკერს წარმოადგენდა როვერის მიერ შენიშნული წარმონაქმნები, რომლებიც, დიდი ალბათობით, გაშიშვლებული ქანებია. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ვკითხულობთ, რომ ამგვარი ნიმუშების შესწავლა ჩვენს მეზობელ პლანეტაზე ძველად არსებული წყლის აუზის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას მოგვაწვდის, ამიტომ მარსმავალი უახლოეს რამდენიმე დღეს მის გამოკვლევას დაუთმობს.

NASA-ს მარსმავლის მიერ დაფიქსირებული ქვები ჯეზეროს კრატერის ზედაპირზე. ფოტო: NASA

Perseverance-მა მარსზე სამეცნიერო კვლევები ოფიციალურად 1 ივნისს დაიწყო და ადგილიდან, სადაც რამდენიმე თვის წინ დასაჯდომ მოდულთან ერთად დაეშვა, ჯეზეროს კრატერის სამხრეთ ნაწილისკენ გაემართა. მისიის მიზანი მარსის გეოლოგიური მახასიათებლების შესწავლა და აღნიშნულ ტერიტორიაზე სიცოცხლის არსებობის დამადასტურებელი ნიშნების მოძიებაა. აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს ცნობით, აპარატი საერთო ჯამში 2,5-დან 5 კილომეტრამდე მანძილს გაივლის, რა დროსაც ნიმუშებს შეაგროვებს და კვლავ იმ არეალში დაბრუნდება, სადაც მოგზაურობის დასაწყისში იმყოფებოდა.

ნახეთ: Perseverance-ის მიერ მარსზე გადაღებული პანორამული სურათი გავრცელდა

აღსანიშნავია, რომ Perseverance-მა უკვე არაერთი დავალება შეასრულა. აპარატმა მარტის თვეში თავის ანძაზე დამაგრებულ SuperCam-ად წოდებულ ხელსაწყოში ჩამონტაჟებული ლაზერით ციურ სხეულზე ერთ-ერთი ქვა დაშალა და მეცნიერებს მისი შემადგენლობის შესწავლის საშუალება მისცა. მოგვიანებით NASA-ს ახალმა მარსმავალმა მოწყობილობა MEDA-ის დახმარებით ჯეზეროს კრატერში ამინდის შესახებ ცნობები მოიპოვა და დედამიწაზე გამოგზავნა. ამის გარდა, როვერმა ხელსაწყო MOXIE-ის მეშვეობით მარსის ატმოსფეროში არსებული ნახშირორჟანგი ჟანგბადად გარდაქმნა. Perseverance-მა, ასევე, ვერტმფრენის Ingenuity სატესტო ფრენები გადაიღო, ისტორიაში პირველად წითელ პლანეტაზე ხმა ჩაიწერა და იქ 75 ათასზე მეტი ფოტო დააფიქსირა.

აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ Perseverance მარსისკენ რაკეტით Atlas V ფლორიდის შტატში მდებარე კანავერალის კონცხიდან 2020 წლის 30 ივლისს გაუშვა. NASA-ს ხომალდმა ციურ სხეულამდე შვიდ თვეში, დაახლოებით 500 მილიონი კილომეტრის გავლის შემდეგ მიაღწია. 1025 კილოგრამი წონის მქონე მარსმავალი დასაჯდომ მოდულთან ერთად წითელი პლანეტის ატმოსფეროში მიმდინარე წლის 19 თებერვალს 19,500 კმ/სთ სიჩქარით შეიჭრა და ლენდერის დახმარებით მარსის ზედაპირზე დაეშვა. NASA როვერის მიერ შეგროვებული ნიმუშების დედამიწაზე ჩამოტანას 2031 წლისთვის გეგმავს, რაც ისტორიაში პირველი მსგავსი შემთხვევა იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები