Thumbnail

Blue Origin კოსმოსში 18 წლის ახალგაზრდას გაუშვებს

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ჯეფ ბეზოსის კომპანიის Blue Origin პირველ სუბორბიტულ ეკიპაჟიან მისიაში, რომლის განხორციელებაც მიმდინარე წლის 20 ივლისს იგეგმება, მონაწილეობას 18 წლის ნიდერლანდელი, ოლივერ დაემენი მიიღებს. შედეგად, ის ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი გახდება, რომელმაც კოსმოსში იმოგზაურა.

► ჯეფ ბეზოსის კომპანიამ Blue Origin ეკიპაჟიანი ფრენის ნებართვა მიიღო

Blue Origin-ის წარმომადგენლების განცხადებით, ოლივერ დაემენი ეკიპაჟის იმ წევრს ჩაანაცვლებს, რომელმაც აუქციონზე New Shepard-ის სახელით ცნობილი ხომალდის ბორტზე მოსახვედრ ბილეთში 28 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ანონიმმა მყიდველმა კომპანიის პირველ ეკიპაჟიან მისიაში მონაწილეობისთვის დრო ვერ გამონახა, ამიტომ ის კოსმოსში მოგვიანებით გაემგზავრება. Blue Origin-ის ცნობით, ოლივერისთვის ბილეთი მამამისმა, ჯოზ დაემენმა შეიძინა, რომელიც საინვესტიციო კომპანიის Somerset Capital Partners დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია. ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა, რა თანხა გადაიხადა მის სანაცვლოდ ნიდერლანდელმა ბიზნესმენმა.

18 წლის ოლივერ დაემენი, რომელიც Blue Origin-ის პირველ სუბორბიტულ ეკიპაჟიან მისიაში მიიღებს მონაწილეობას. ფოტო: Blue Origin 

თავდაპირველი გეგმის მიხედვით, 18 წლის ოლივერ დაემენს მონაწილეობა New Shepard-ის მეორე ფრენაში უნდა მიეღო, თუმცა შექმნილ ვითარებაში Blue Origin-მა მას პირველი სუბორბიტული მისიის ეკიპაჟის წევრობა შესთავაზა. აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდელ ახალგაზრდასთან ერთად ხომალდის ბორტზე კომპანიის დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსი და მისი ძმა, მარკ ბეზოსი, ასევე, 82 წლის მფრინავი, ვოლი ფანკი იქნებიან. აპარატს აშშ-ის ტექსასის შტატის დასავლეთ ნაწილში მდებარე კერძო კოსმოდრომიდან გაუშვებენ. ის მგზავრებს დედამიწის ატმოსფეროსა და კოსმოსის გამყოფ ე.წ. კარმანის ხაზამდე აიყვანს, რომელიც ჩვენი პლანეტიდან დაახლოებით 100 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. როგორც ცნობილია, ფრენა 11 წუთამდე გასტანს. Blue Origin-მა ამერიკის შეერთებული შტატების ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციისგან (FAA) მისიის განხორციელების ნებართვა უკვე მიიღო.

ჯეფ ბეზოსის კომპანია New Shepard-ის შექმნაზე 2006 წლიდან მუშაობს. მას სახელი NASA-ს ასტრონავტის, ალან შეპარდის პატივსაცემად უწოდეს. ეს უკანასკნელი 1961 წელს პირველი ამერიკელი, ასევე, მსოფლიოში მეორე ადამიანი გახდა, რომელმაც კოსმოსში იმოგზაურა. New Shepard პირველად 2015 წელს გამოცადეს, რა დროსაც აპარატმა 93,5 კილომეტრის სიმაღლეზე ასვლა შეძლო. ხომალდმა დასავლეთ ტექსასში განლაგებული კერძო კოსმოდრომიდან დღემდე საერთო ჯამში 15 სატესტო ფრენა შეასრულა, მათ შორის ბოლო მისია 2021 წლის 14 აპრილს განხორციელდა.

► ნახეთ: მილიარდერმა რიჩარდ ბრენსონმა ჯეფ ბეზოსს კოსმოსში გაფრენა დაასწრო

Blue Origin-ის მთავარ კონკურენტად ბრიტანელი მილიარდერის, რიჩარდ ბრენსონის კომპანია Virgin Galactic მიიჩნევა. აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელმა სადებიუტო სრულეკიპაჟიანი ფრენა VSS Unity-ის სახელით ცნობილი კოსმოსური თვითმფრინავით მიმდინარე წლის 11 ივლისს შეასრულა. მისიაში მონაწილეობა კომპანიის დამფუძნებელმა, რიჩარდ ბრენსონმაც მიიღო, რითიც ჯეფ ბეზოსს რამდენიმე დღით დაასწრო და პირველი მილიარდერი გახდა, რომელმაც კოსმოსში იმოგზაურა. 

კომენტარები

ბოლო ამბები