Thumbnail

ნახეთ: კოსმოსურ ხომალდ "ჯუნოს" მიერ გადაღებული იუპიტერი და განიმედე

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ (NASA) ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც ხომალდ "ჯუნო" მიერ იუპიტერისა და მისი ბუნებრივი თანამგზავრის, განიმედესთვის გადაღებული ფოტოებით არის აწყობილი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აპარატზე დამონტაჟებულმა კამერამ შთამბეჭდავი კადრები კოსმოსური ზონდის ციურ სხეულებთან რიგით 34-ე მიახლოებისას დააფიქსირა.

► ნახეთ: კოსმოსური ხომალდი "ჯუნო" იუპიტერის უდიდეს მთვარეს მიუახლოვდა

"ჯუნომ" იუპიტერისა და ჩვენი მზის სისტემის უდიდეს მთვარეს სურათები მაშინ გადაუღო, როდესაც მას დაახლოებით ათასი კილომეტრის მანძილზე მიუახლოვდა. აღსანიშნავია, რომ 2000 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც NASA-ს კოსმოსური აპარატი განიმედესთან ასე ახლოს მივიდა. როგორც ცნობილია, ამ დროს "ჯუნო" თითქმის 67,000 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდებოდა. კოსმოსური ზონდის მიერ გადაღებულ ფოტოებზე, რომლებიც 4-წუთიან ვიდეოშია გაერთიანებული, იუპიტერის ბუნებრივი თანამგზავრის ჩაბნელებული და განათებული რეგიონებია ნაჩვენები. კადრებში, ასევე, განიმედეზე მდებარე ერთ-ერთი ყველაზე დიდი, ტროსის სახელით ცნობილი კრატერი და სხვა მსგავსი წარმონაქმნები მოჩანს.

 

რაც შეეხება იუპიტერს, "ჯუნომ" ჩვენი მზის სისტემის უდიდესი პლანეტა ფოტოებზე მაშინ აღბეჭდა, როდესაც მას დაახლოებით 3,400 კილომეტრის მანძილზე მიუახლოვდა. აღსანიშნავია, რომ ციური სხეულის ძლიერმა გრავიტაციამ აპარატის სიჩქარე 200,000 კმ/სთ-მდე გაზარდა. კოსმოსური ზონდის მიერ გადაღებულ სურათებზე, რომლებიც ვიდეოს ასაწყობად გამოიყენეს, პლანეტაზე მოქმედი ანტიციკლონური შტორმებია ასახული. NASA-ში მომუშავე სპეციალისტებმა იუპიტერის ატმოსფეროში ელვის მსგავსი ფენომენის საჩვენებლად ვიდეოს სპეციალური ეფექტებიც დაამატეს.

► იუპიტერის მთვარეზე სიცოცხლის ნიშნები ნახევარი მეტრის სიღრმიდან უნდა ვეძიოთ

აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ "ჯუნო" იუპიტერისკენ რაკეტით Atlas V 551 ფლორიდაში მდებარე კანავერალის კონცხიდან 2011 წლის 5 აგვისტოს გაუშვა. კოსმოსურმა აპარატმა ციური სხეულის ორბიტას 2016 წელს მიაღწია. ზონდის მთავარი ამოცანა იუპიტერსა და მის ბუნებრივ თანამგზავრებზე დაკვირვება და მათთვის ფოტოსურათების გადაღებაა. როგორც ცნობილია, ის აღნიშნულ მისიას 2025 წლამდე შეასრულებს.    

კომენტარები

ბოლო ამბები