Thumbnail

319 ტერაბიტი/წამში - ინტერნეტის სიჩქარის ახალი რეკორდი დამყარდა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

იაპონიის ქალაქ კოგანეიში მდებარე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სახელმწიფო ინსტიტუტში მოღვაწე მეცნიერებმა შეიმუშავეს ინოვაციური მეთოდი, რომლის მეშვეობითაც მონაცემთა გადაცემა წამში 319 ტერაბიტი სიჩქარით შეძლეს. ამის შესახებ მოხსენება მათ ოპტიკურ-ბოჭკოვანი კავშირგაბმულობის საერთაშორისო კონფერენციაზე წარადგინეს.

NASA-ს მეცნიერებმა კვანტური ინფორმაციის შორ მანძილზე ტელეპორტირება შეძლეს

იაპონელმა მკვლევრებმა ამისთვის არხების სპექტრულ-მულტიპლექსური განაწილების სახელით ცნობილი ტექნოლოგია გამოიყენეს. მათ სიგნალი 3000 კილომეტრი სიგრძის მქონე 4-ბირთვიან ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელებში სპეციალური ლაზერით გაუშვეს, რომელმაც ის 552 არხში გადაანაწილა. სადენების გასწვრივ, ყოველ 70 კილომეტრში, გამაძლიერებელი იყო დამონტაჟებული. ეს უკანასკნელი მეცნიერებმა იშვიათი ქიმიური ნივთიერებებით, თულიუმითა და ერბიუმით დაფარეს, რამაც დიდ მანძილზე ინფორმაციის უხარვეზოდ გადაცემას შეუწყო ხელი.

გადამცემი სისტემის ნაწილი, რომელშიც გამაძლიერებელია დამონტაჟებული. ფოტო: NICT

სპეციალისტთა განცხადებით, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების თითოეულ ბირთვში მოთავსებული ყოველი არხით წამში საშუალოდ 145 გიგაბიტი ოდენობის მონაცემები იგზავნებოდა. რაც შეეხება ოთხივე ბირთვს ერთად, მათი ჯამური სიჩქარე 580 გიგაბიტი/წამში იყო. ამგვარი მახასიათებლების საშუალებით, მათ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარეს და 319 ტერაბიტი/წამში სიჩქარეს მიაღწიეს. ეს კი მათი ბრიტანელი კოლეგების მიერ გასულ წელს ნაჩვენებ შედეგს (178 ტერაბიტი/წამში) ბევრად აღემატება.

აშშ კვანტური ინტერნეტის შექმნას ცდილობს, რომლის დაჰაკვაც შეუძლებელი იქნება

აღსანიშნავია, რომ იაპონელი მეცნიერების მიერ გამოყენებულ 4-ბირთვიან სადენებს იგივე დიამეტრი აქვს, როგორიც სტანდარტულ, 1-ბირთვიან მსგავს გაყვანილობას. ეს იმას ნიშნავს, რომ მათი დანერგვა უკვე არსებულ ინფრასტრუქტურაშიცაა შესაძლებელი. ისინი მომავალში გაზრდილი რაოდენობის ინფორმაციის უფრო შორ მანძილზე გაგზავნას გეგმავენ და იმედოვნებენ, რომ ამას უმოკლედ დროში მოახერხებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები