Thumbnail

Curiosity-მ აღმოაჩინა, რას შეეძლო მარსზე სიცოცხლის კვალი წაეშალა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულ სააგენტოში (NASA) მომუშავე მეცნიერები ბრიტანელ, კანადელ და დანიელ კოლეგებთან ერთად იუწყებიან, რომ მარსმავალმა Curiosity აღმოაჩინა, რას შეეძლო წითელ პლანეტაზე სიცოცხლის კვალი წაეშალა. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოცემაში Science ახლახან გამოქვეყნებულ ნაშრომშია წარმოდგენილი.

ნახეთ: Perseverance-მა მარსზე ფილაქნების მსგავსი ქვები აღმოაჩინა

Curiosity მარსის ეკვატორის მახლობლად განლაგებულ გეილის კრატერში 2012 წლის 6 აგვისტოს დაეშვა. ეს ღრმული წითელი პლანეტის ზედაპირზე დაახლოებით 3.6 მილიარდი წლის წინ, ასტეროიდის ჩამოვარდნის შედეგად წარმოიქმნა. მკვლევართა აზრით, ძველად იქ ტბა არსებობდა, რაზეც თიხით მდიდარი ადგილები მიანიშნებს. მსგავსი დანალექი სწორედ ზოგიერთი მინერალის წყალთან ურთიერთქმედებისას ფორმირდება და სიცოცხლის ნიშნებს საკმაოდ დიდხანს და კარგად ინახავს. NASA-ს აპარატმა სხვადასხვა არეალიდან ამგვარი, არგილიტის სახელით ცნობილი ქანის ორი ნიმუში მოიპოვა და ისინი მასზე დამონტაჟებული ხელსაწყოთი CheMin შეისწავლა.

მარსზე გადაღებული რამდენიმეშრიანი კლდოვანი სტრუქტურები, რომლებიც ტბების ფსკერზე არსებულ დანალექს მოგვაგონებს. ფოტო: NASA

წითელი პლანეტის უძველესი, ახლა უკვე დამშრალი ტბის ფსკერიდან აღებული გეოლოგიური მასალის ანალიზმა აჩვენა, რომ ერთ-ერთ ნიმუშში თიხოვანი მინერალების რაოდენობა მოსალოდნელზე ნაკლები იყო, სამაგიეროდ იქ რკინის ოქსიდების მაღალი კონცენტრაცია ფიქსირდებოდა. სპეციალისტთა ვარაუდით, ამის მიზეზი მარილწყალია, რომელმაც დანალექ ქანებში ჩააღწია, ისინი დაშალა და ქიმიური შემადგენლობა შეუცვალა. ამ პროცესის შედეგად, რომელსაც დიაგენეზისი ეწოდება, თიხაზე, არსებობის შემთხვევაში, ყველანაირი ბიოლოგიური კვალი წაიშლებოდა.

მეცნიერების ვარაუდით, მარსზე იმაზე მეტი წყალია, ვიდრე აქამდე გვეგონა

აღსანიშნავია ისიც, რომ დიაგენეზისს, შესაძლოა, მარსზე მიკროორგანიზმების გაჩენისთვის სათანადო პირობები შეექმნა. შესაბამისად, გეილის კრატერში მდებარე მსგავსი ადგილები პოტენციური სიცოცხლის საძიებლად იდეალურია. ნაშრომის ავტორები იმედოვნებენ, რომ Curiosity-ის მიგნებები NASA-ს ახალ მარსმავალ Perseverance-ს ხელჩასაჭიდი მტკიცებულებების მოპოვებაში დაეხმარება.

კომენტარები

ბოლო ამბები