Thumbnail

ნახეთ: დისნეის პარკში 1 დღის ინტერვალით გორილა და ბეჰემოთი დაიბადა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

აშშ-ის ფლორიდის შტატში მდებარე კომპანია Walt Disney-ის ზოოლოგიურ თემატურ პარკში, რომელსაც "ცხოველთა სამეფოს" უწოდებენ, ერთი დღის ინტერვალით გორილა და ბეჰემოთი დაიბადა. ამის შესახებ ინფორმაციას დაწესებულება საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებს.

ნახეთ: ტოკიოს ზოოპარკში გიგანტურმა პანდამ ტყუპები გააჩინა

ნილოსის ბეჰემოტთა სახეობის ახალი წარმომადგენელი სამყაროს მიმდინარე წლის 12 ივლისს მოევლინა. ჯანმრთელი ძუძუმწოვარი პარკის ტერიტორიაზე განლაგებულ კილიმანჯაროს საფარიში გამავალ მდინარე საფიში დაიბადა. ის იქ მობინადრე ოჯახის 9 წევრს შეუერთდა, მათ შორის, საკუთარ მშობლებს - დედას, ტუმას და მამას, ჰენრის. "ცხოველთა სამეფოს" თანამშრომლები აცხადებენ, რომ ჩვილი თავს კარგად გრძნობს და წყალში უკვე თავისუფლად გადაადგილდება.

 

ბეჰემოთის დაბადებიდან მეორე დღეს, 13 ივლისს დასავლეთ დაბლობის გორილების ქვესახეობას კიდევ ერთი ცხოველი შეემატა. მშობლებმა, აზიზმა და ჯინომ თავიანთი ნაშიერი, რომელიც ადამიანის მსგავს მაიმუნებში ერთიანდება, სხვა გორილებს მალევე წარუდგინეს. დისნეის პარკში მისულ ვიზიტორებს კი მისი პირველად ნახვის საშუალება სპეციალურ ბილიკზე ჩავლისას მიეცათ. აღსანიშნავია, რომ მას დიდი ძმა, სახელად კორიც ჰყავს, რომელიც 2014 წელს გაჩნდა.

ნახეთ: ედინბურგის ზოოპარკში ჯუჯა ბეჰემოთი დაიბადა

ახალდაბადებულები ამჟამად უმეტეს დროს მშობლებთან ერთად ატარებენ და დაწესებულებაში მომუშავე მომვლელების დაკვირვების ქვეშ არიან. მედიის ცნობით, მათი დედ-მამის დაწყვილებაში დიდი წვლილი მიუძღვის ზოოპარკებისა და აკვარიუმების ამერიკულ ასოციაციას, რომელიც გადაშენების პირას მყოფი სახეობების გადარჩენის პროგრამის ფარგლებში მათ შეჯვარებასა და გამრავლებას უწყობს ხელს.

კომენტარები

ბოლო ამბები