Thumbnail

ნახეთ: ასტრონომებმა ზემასიური შავი ხვრელის მძლავრი გამოსხივება დააფიქსირეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

გერმანიის მაქს პლანკის სახელობის რადიოასტრონომიის ინსტიტუტსა და ნიდერლანდებში განლაგებულ რედბოდის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა კოლეგებთან ერთად ახლომდებარე გალაქტიკის Centaurus A ცენტრში არსებული ზემასიური შავი ხვრელის მძლავრი გამოსხივება დააფიქსირეს. მათ მიერ მოპოვებული ფოტომასალა მაღალი გარჩევადობისაა და ობიექტისგან ღია კოსმოსში გამოტყორცნილი მატერიის ნაკადს დეტალურად გვიჩვენებს. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოცემაში Nature Astronomy ახლახან გამოქვეყნებულ ნაშრომშია მოცემული. 

ასტრონომებმა ახალი სახის უმძლავრესი კოსმოსური აფეთქება აღმოაჩინეს

Centaurus A ცის სამხრეთ ნახევარსფეროში, კენტავრის თანავარსკვლავედში მდებარეობს და ჩვენგან 13.05 მილიონი სინათლის წლითაა დაშორებული. ის დედამიწასთან ერთ-ერთ ყველაზე ახლოს არსებულ რადიოგალაქტიკად მიიჩნევა, რომელსაც სიკაშკაშე გამოარჩევს. ეს მეტწილად 55 მილიონი მზის მასის მქონე ცენტრალური შავი ხვრელის დამსახურებაა, რომლისგან მომავალი დიდი რაოდენობით მტვრისა და აირის ნაკადი სივრცეში სწრაფად გადაადგილდება, საკმაოდ შორ მანძილზე ვრცელდება და განსაკუთრებული ენერგიულობით ხასიათდება.

 

სპეციალისტებმა სწორედ მსგავსი გამოსხივება აღბეჭდეს, რაც რადიოტელესკოპების გლობალური ქსელის მეშვეობით შეძლეს. მათი განცხადებით, მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში განლაგებული მოწყობილობების მიერ გადაღებული კადრები სხვებზე 10-ჯერ ზუსტი და 16-ჯერ მკაფიოა. ეს მეცნიერებს საშუალებას აძლევს, ისტორიაში პირველად, ამ ფენომენს ირმის ნახტომის გარეთ, უპრეცედენტო მასშტაბებით დააკვირდნენ და მატერია, რომელმაც შავი ხვრელის მიზიდულობის ძალას თავი დააღწია, გამოფრქვევის პროცესშივე შეისწავლონ.

ასტრონომებმა ჩვენს გალაქტიკაში 100-ზე მეტი შავი ხვრელი აღმოაჩინეს

ნაშრომის ავტორთა თქმით, ეს ნაკადი შავი ხვრელისგან მოშორებით უფრო კაშკაშაა, ვიდრე მასთან ახლოს, რისი მიზეზიც ჯერჯერობით უცნობია. ისინი იმედოვნებენ, რომ ამგვარი კონტრასტი პლაზმური ფიზიკის დარგში დაგროვებულ კითხვებზე პასუხის გაცემაში დაგვეხმარება. აღსანიშნავია, რომ მომავალში ისინი თავად ამ ზემასიური ობიექტის სურათების მოპოვებას გეგმავენ, რომელთა ანალიზიც მის შესახებ მეტის გაგებას გახდის შესაძლებელს.

კომენტარები

ბოლო ამბები