Thumbnail

აშშ-ში სრულად ხელოვნური გული პირველ პაციენტს ჩაუნერგეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ დარემში მდებარე დიუკის სახელობის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლაში მომუშავე სპეციალისტებმა ახალი თაობის სრულად ხელოვნური გული (TAH) მთელი ქვეყნის მასშტაბით პირველ პაციენტს ჩაუნერგეს. ამის შესახებ ინფორმაციას დაწესებულება საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებს.

მეცნიერებმა ხელოვნური კუნთი შექმნეს, რომელიც ვარჯიშის შედეგად იზრდება

ოპერაცია ჩრდილოეთ კაროლინის შტატის ქალაქ შელოტში მცხოვრებ 39 წლის მეთიუ მურს ჩაუტარდა, რომელსაც მიმდინარე წლის ივნისში ექიმებმა გულის უკმარისობის დიაგნოზი დაუსვეს. მათ პაციენტი დიუკის სახელობის უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში არსებულ საავადმყოფოში გაგზავნეს, რადგან მას აორტოკორონალური შემოვლითი შუნტირება ესაჭიროებოდა. თუმცა, მამაკაცის მდგომარეობა მოულოდნელად გაუარესდა, რის გამოც მას, შესაძლოა, ამგვარი პროცედურა ვერ გადაეტანა. აქედან გამომდინარე, მედიკოსებს მხოლოდ ერთი გამოსავალი დარჩათ, რომ ხელოვნური ორგანოს დაუყონებლივი ტრანსპლანტაციისთვის მიემართათ, რაც წარმატებით განახორციელეს.

სურათი ოპერაციის დროსაა გადაღებული. მასზე ნაჩვენებია ხელოვნური გული, რომელიც მეთიუ მურს ჩაუნერგეს. ფოტო: Duke University School of Medicine

მეთიუ მურის ორგანიზმში ქირურგებმა საფრანგეთში დაფუძნებული კომპანიის CARMAT მიერ შექმნილი, Aeson-ის სახელით ცნობილი სრულად ხელოვნური გული მოათავსეს, რომელიც ამ ორგანოს უკმარისობის მქონე ადამიანებს დონორის გამოჩენამდე სიცოცხლის შენარჩუნებაში ეხმარება. ის ძროხის სხეულის უჯრედებისგან გაზრდილ ოთხ ბიოლოგიურ სარქველს აერთიანებს. თითოეული მათგანი ნამდვილთან მაქსიმალურადაა მიმსგავსებული. ინოვაციურ პროდუქტს გამართული ფუნქციონირებისთვის ენერგიის წყარო ესაჭიროება, რომლის მეშვეობითაც ის ოთხი საათის განმავლობაში დამოუკიდებლად მუშაობს. ეს იმპლანტი ევროკავშირის ქვეყნებში უკვე აქტიურად გამოიყენება, აშშ-ში კი ჯერჯერობით მის ეფექტიანობას ცდიან.

ხელოვნურ პლაცენტას ადამიანის ნაყოფზე 5 წელში გამოცდიან

ამერიკელი ექიმები აღნიშნავენ, რომ ჩატარებული ოპერაცია სახელმწიფოში მოქმედ მარეგულირებელ სამსახურს Aeson-ის შეფასებაში დაეხმარება. მათი აზრით, ის ბევრი ადამიანის ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის. მედიის ცნობით, მეთიუ მური ამჟამად ისევ საავადმყოფოშია, მუდმივი დაკვირვების ქვეშ იმყოვება და თავს კარგად გრძნობს. მისი ოჯახის წევრები იმედოვნებენ, რომ ის მალე სახლში დაბრუნებას შეძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები