Thumbnail

ნახეთ: ჯეფ ბეზოსი კოსმოსში გაფრინდა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ჯეფ ბეზოსი საკუთარი კომპანიის Blue Origin მიერ შექმნილი New Shepard-ის სახელით ცნობილი ხომალდის პირველი სუბორბიტული ეკიპაჟიანი მისიის ფარგლებში კოსმოსში გაფრინდა.

ილონ მასკი: მარსზე ხომალდის Starship ეკიპაჟიანი ფრენა 2026 წელს შედგება

18 მეტრი სიგრძის მქონე აპარატი აშშ-ის ტექსასის შტატის დასავლეთ ნაწილში მდებარე Blue Origin-ის კუთვნილი კოსმოდრომიდან მიმდინარე წლის 20 ივლისს, თბილისის დროით 17:13 საათზე გაუშვეს. მისგან გამოყოფილმა კაფსულამ ხმელეთიდან 100 კილომეტრზე განლაგებული ე.წ. კარმანის ხაზი გადაკვეთა, რომელიც ჩვენი პლანეტის ატმოსფეროსა და კოსმოსს ერთმანეთისგან მიჯნავს. ხომალდის ბორტზე ჯეფ ბეზოსთან ერთად მისი ძმა, მარკ ბეზოსი, ასევე, 82 წლის მფრინავი, ვოლი ფანკი და 18 წლის ნიდერლანდელი სტუდენტი, ოლივერ დაემენი იმყოფებოდა. მათ უწონადობაში რამდენიმე წუთი გაატარეს, შემდეგ კი უკან უსაფრთხოდ დაბრუნდნენ. ფრენამ 10 წუთსა და 19 წამს გასტანა.

 

ჯეფ ბეზოსის კომპანია New Shepard-ის შექმნაზე 2006 წლიდან მუშაობს. მას სახელი NASA-ს ასტრონავტის, ალან შეპარდის პატივსაცემად უწოდეს. ეს უკანასკნელი 1961 წელს პირველი ამერიკელი, ასევე, მსოფლიოში მეორე ადამიანი გახდა, რომელმაც კოსმოსში იმოგზაურა. New Shepard პირველად 2015 წელს გამოცადეს, რა დროსაც აპარატმა 93,5 კილომეტრის სიმაღლეზე ასვლა შეძლო. ხომალდმა დასავლეთ ტექსასში განლაგებული კერძო კოსმოდრომიდან დღეის ჩათვლით საერთო ჯამში 16 ფრენა შეასრულა, მათ შორის ბოლოს წინა მისია 2021 წლის 14 აპრილს განხორციელდა.

ნახეთ: მილიარდერმა რიჩარდ ბრენსონმა ჯეფ ბეზოსს კოსმოსში გაფრენა დაასწრო

Blue Origin-ის მთავარ კონკურენტად ბრიტანელი მილიარდერის, რიჩარდ ბრენსონის კომპანია Virgin Galactic მიიჩნევა. აღსანიშნავია, რომ მან სადებიუტო სრულეკიპაჟიანი ფრენა VSS Unity--ად წოდებული კოსმოსური თვითმფრინავით მიმდინარე წლის 11 ივლისს შეასრულა. მისიაში მონაწილეობა კომპანიის დამფუძნებელმა, რიჩარდ ბრენსონმაც მიიღო, რითიც ჯეფ ბეზოსს რამდენიმე დღით დაასწრო და კოსმოსში პირველმა იმოგზაურა.

კომენტარები

ბოლო ამბები