Thumbnail

მოყვარულმა ასტრონომმა იუპიტერის ახალი ბუნებრივი თანამგზავრი აღმოაჩინა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებული სამეცნიერო გამოცემის Sky & Telescope ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოყვარულმა ასტრონომმა, კაი ლიმ ჩვენი მზის სისტემის უდიდესი პლანეტის, იუპიტერის მიმდებარედ მისი აქამდე უცნობი ბუნებრივი თანამგზავრი დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ ეს არაპროფესიონალის მიერ მსგავსი აღმოჩენის პირველი შემთხვევაა.

იუპიტერის თანამგზავრ ევროპაზე, შესაძლოა, წყალქვეშა ვულკანები არსებობდეს

დედამიწის მახლობლად არსებული აირის გიგანტისთვის დამახასიათებელი მძლავრი გრავიტაციის გამო მის გარშემო უამრავი ობიექტი მოძრაობს. მათ შორისაა ახალაღმოჩენილი EJc0061-იც, რომელმაც იუპიტერის ბუნებრივი თანამგზავრების რიცხვი 80-მდე გაზარდა. ის კარმეს სახელით ცნობილ ჯგუფს მიეკუთვნება და რიგით 23-ეა. ისინი ციური სხეულის ირგვლივ, მისი ბრუნვის საპირისპირო მიმართულებით, დახრილ ორბიტაზე გადაადგილდებიან. მათგან უდიდესი თავად კარმეა, რომლის რადიუსიც 23 კილომეტრს შეადგენს. სპეციალისტთა ვარაუდით, ის პლანეტის მიერ მიზიდული ასტეროიდია, რომელიც კოსმოსური შეჯახების შედეგად დაიშალა. სწორედ მის ნატეხებს წარმოადგენენ ამ კატეგორიაში შემავალი მთვარეები.

მოყვარული ასტრონომის მიერ მიკვლეული EJc0061 კარმედ წოდებულ ჯგუფში შემავალ ბუნებრივ თანამგზავრებში ერთიანდება.

კაი ლიმ EJc0061-ს აშშ-ში მდებარე ჰავაის უნივერსიტეტში მომუშავე მკვლევრების მიერ გამოქვეყნებული საჯარო მონაცემების ანალიზისას მიაგნო. კერძოდ, მან მაუნა კეას ჩამქრალ ვულკანთან ახლოს განლაგებული ტელესკოპის მეშვეობით 2003 წლის თებერვალში მოპოვებული მასალა შეისწავლა. მაშინ იუპიტერი და მისი თანამგზავრები დედამიწიდან მზის საპირისპიროდ მოჩანდნენ, რის გამოც სიკაშკაშე გამოარჩევდათ. ამან ობიექტის შემჩნევა გაამარტივა. ასტრონომმა ის სხვა ობსერვატორიების ონლაინ ბაზებშიც გადაამოწმა, საბოლოოდ კი მისი არსებობა დაადასტურა.

იუპიტერის მთვარეზე სიცოცხლის ნიშნები ნახევარი მეტრის სიღრმიდან უნდა ვეძიოთ

კაი ლის განცხადებით, ეს მისთვის მხოლოდ საზაფხულო ჰობია, რითიც სასწავლებელში დაბრუნებამდეა დაკავებული. ამის მიუხედავად, ამაყობს, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით პირველი მოყვარული ასტრონომია, რომელმაც პლანეტის თანამგზავრის აღმოჩენა შეძლო.

კომენტარები

ბოლო ამბები