Thumbnail

ნახეთ: ჰაბლის ტელესკოპი სამეცნიერო საქმიანობას ახალი სურათებით დაუბრუნდა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოსა (NASA) და ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) მიერ დედამიწის ორბიტაზე გაშვებული ჰაბლის ტელესკოპი 1-თვეზე მეტხნიანი პაუზის შემდეგ სამეცნიერო საქმიანობას ახალი ფოტოსურათებით დაუბრუნდა.

ნახე, რა გადაიღო ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა შენს დაბადების დღეს

ტელესკოპმა, რომელიც უკვე 32-ე წელია კოსმოსს იკვლევს, მიმდინარე წლის 17 ივლისს, ხარვეზის გამოსწორებიდან მალევე, შორეულ სივრცეში არსებული უჩვეულო ობიექტები დააფიქსირა. მათ შორისაა დედამიწისგან 297 მილიონი სინათლის წლით დაშორებული ARP-MADORE2115-273 - შერწყმის პროცესში მყოფი ორი გალაქტიკა. შავ-თეთრ ფოტოზე დაკვირვებით, სპეციალისტები ასკვნიან, რომ მათი ურთიერთქმედება იმაზე კომპლექსურია, ვიდრე აქამდე გვეგონა. ხელსაწყოს ობიექტივში, ასევე, ARP-MADORE0002-503-ის სახელით ცნობილი სპირალური გალაქტიკაც მოხვდა, რომელიც ჩვენგან 490 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. მას სხვებთან შედარებით არა ლუწი, არამედ კენტი რაოდენობის, კერძოდ კი სამი შვერილი აქვს, რომელთაგანაც თითოეული 163 ათასი სინათლის წლის მანძილზეა გადაჭიმული.

მარცხნივ შერწყმის პროცესში მყოფი გალაქტიკებია ნაჩვენები, მარჯვნივ კი სპირალური გალაქტიკა ARP-MADORE0002-503. ფოტო: NASA

ჰაბლის კოსმოსურმა ტელეკოპმა მუშაობა 13 ივნისს შეწყვიტა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მისი ერთ-ერთი კომპიუტერი მოულოდნელად გაითიშა, რის გამოც სიგნალს ვეღარ აგზავნიდა. ამის მიზეზის დასადგენად, 50-ზე მეტი მეცნიერისგან შემდგარმა გუნდმა ხელსაწყოზე დამონტაჟებული სხვადასხვა მოდულის შემოწმება დაიწყო. აღმოჩნდა, რომ რამდენიმეკვირიანი შეფერხება ენერგიის მაკონტროლებელი ერთეულის მწყობრიდან გამოსვლამ გამოიწვია. ამ უკანასკნელის დანიშნულება მოწყობილობისთვის დენის გადაცემა იყო. სიტუაციის გამოსასწორებლად, მკვლევრებმა სათადარიგო კომპიუტერი ჩართეს, რის შედეგადაც ტელესკოპი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა.

დღის ფოტო: მომაკვდავი გალაქტიკა ჰაბლის ტელესკოპის ობიექტივში

NASA-მ ჰაბლის ტელესკოპი დედამიწის ორბიტაზე 1990 წლის 24 აპრილს კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან გაუშვა. მან ამ დრომდე 1,4 მილიონზე მეტი ვარსკვლავი შეისწავლა და დღემდე წარმატებით განაგრძობს ფუნქციონირებას. მსოფლიოში პირველ კოსმოსურ ტელესკოპს, რომელიც ჩვენი პლანეტის ორბიტაზე 27 ათასი კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდება, 13 მილიარდი სინათლის წლით დაშორებული ობიექტის დაფიქსირებაც შეუძლია, რაც ასტრონომებს კოსმოსის შორეულ წარსულზე დაკვირვების შესაძლებლობას აძლევს.

კომენტარები

ბოლო ამბები