Thumbnail

დიდ ბრიტანეთში მდებარე ერთ-ერთ საწყობში რობოტებმა ხანძარი გააჩინეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე საწყობში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უმსხვილეს სავაჭრო კომპანიას Ocado ეკუთვნის, რობოტებმა მოულოდნელად ხანძარი გააჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ნახეთ: კომპანიამ Boston Dynamics ახალი რობოტი წარადგინა

ინციდენტი მიმდინარე წლის 16 ივლისს დაფიქსირდა. კომპანიის ცნობით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სურსათის საწყობში მომუშავე სამი რობოტი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც მათ ცეცხლი გაუჩნდათ. Ocado მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად მოწყობილობების მოძრაობის მაკონტროლებელ სისტემას იყენებს, თუმცა, როგორც ჩანს, მან ამჯერად არ გაამართლა. ხანძარმა შენობის მცირე ტერიტორია დააზიანა და ონლაინ შეკვეთილი პროდუქტების მომხმარებლებამდე მიტანის პროცესი რამდენიმე დღით შეაფერხა. ნაგებობიდან 800-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, მათ შორის არავინ დაშავებულა.

Ocado-ს საწყობებში მომუშავე რობოტები. ფოტო: Getty Images

Ocado-ს საწყობები მაქსიმალურადაა ავტომატიზებული. იქ ძირითად საქმეს ათასობით რობოტი ასრულებს, რომლებსაც პროდუქტების შეგროვება და მათი სპეციალურ პუნქტში გადატანა ევალებათ. სურსათის გადანაწილებასა და შეფუთვაზე ადამიანები ზრუნავენ. კომპანია ყოველკვირეულად საერთო ჯამში 150 ათასამდე შეკვეთას აგზავნის, თუმცა ხანძარმა ამას ხელი შეუშალა, რის გამოც მრავალი მომხმარებელი უკმაყოფილო დარჩა. მათ უმეტესობას ამანათი გვიან მიუვიდა, ან მოთხოვნა გაუუქმდა.

ნახეთ: Samsung-ის ახალი რობოტი საოჯახო საქმეებში დაგეხმარებათ

დაწესებულებამ მუშაობის ჩვეულ რეჟიმში დაბრუნება მხოლოდ ორი დღის შემდეგ შეძლო. მოწყობილობებმა ფუნქციონირება ორშაბათს, დილის 5 საათზე განაახლეს. Ocado-მ მომხდარის შესახებ ყველა კლიენტს შეატყობინა და მათ მოთმინებისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

ბოლო ამბები